პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა ხმაურით დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2023
გამოწერა
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უცხოური აგენტების ახალი კანონპროექტის განხილვა ჩხუბით დაიწყო.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, ხოლო კანონპროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა". უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
თავიდან დაპირისპირება სხდომათა დარბაზის კართან დაიწყო, რადგან დეპუტატებმა სხდომის დახურულ რეჟიმში გამართვა გადაწყვიტეს – სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ დაუშვეს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კარის გაღება სცადეს, რასაც მათსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
მდინარაძე: ხალხმა უნდა იცოდეს ვინ აფინანსებს ენჯეოებს, ვინც მთავრობის გადადგომას ითხოვენ>>>
დეპუტატებს შორის მეორე ჩხუბი კომიტეტის სხდომათა დარბაზში მოხდა: ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ წევრებთან ჩხუბი დაიწყეს. ჩხუბი იმდენად სერიოზული იყო, რომ დეპუტატებმა მაგიდები ააყირავეს. საკანონმდებლო ორგანოში ურთიერთდაპირისპირება დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა.
ამ მომენტისთვის კომიტეტმა მუშაობა განაახლა, თუმცა ვითარება კვლავ დაძაბულია.
სხდომათა დარბაზის კართან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც კომიტეტის წევრები არ არიან, პროტესტს აგრძელებენ. თავად სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერების ყვირილის ხმა ისმის.
პარალელურად აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან.
კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" მზადაა კანონპროექტის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარი დაუჭიროს, რის შემდეგაც დოკუმენტები შეფასებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი გააგრძელებს იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ შეფასებას მიიღებს.
კანონპროექტის ავტორებმა, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრი კანონია და ამგვარი კანონის მიღება „ქართულ ოცნებაში" არასწორად მიაჩნიათ.
პირველი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ავტორებისა და „ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. და მაინც, ის გააკრიტიკეს ქართულმა ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურმა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ.
კრიტიკოსებმა კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს. ამის საპასუხოდ კანონპროექტის ავტორებმა ამერიკული კანონის ასლის გადმოღება და მისი ინიცირება გადაწყვიტეს, რათა განსხვავება ყველას ენახა.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0