„ისწავლე და დასაქმდი“ - თბილისის მერიის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

© Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2023
გამოწერა
პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების სწავლება მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით და მათი დასაქმების ხელშეწყობა.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. თბილისის მერია იწყებს პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს და პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია 2-16 მარტის ჩათვლით განხორციელდება მერიის ვებ-გვერდზე www.Tbilisi.gov.ge, ასევე ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge. სასწავლო პროცესი კი 20 მარტიდან დაიწყება.

„ამ პროგრამაში მონაწილე ათი ადამიანიდან შვიდი დასაქმებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, პროგრამაში ფართოდ არის წარმოდგენილი სამშენებლო და საინჟინრო სექტორი, რომელიც, ტრადიციულად, მოთხოვნადია. დავამატეთ IT-მიმართულებაც, რომელსაც, ვფიქრობ, დიდი გამოხმაურება მოჰყვება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ.

პროგრამა ასევე მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ტურიზმი, სასტუმრო სფერო, წარმოება, მომსახურება, სატრანსპორტო, საფინანსო სექტორი, ჯანდაცვა და ვეტერინარია. მთლიანობაში პროგრამა 50-მდე მიმართულებას ითვლის.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 18 წლიდან.
ბასილაიას თქმით, აღნიშნული პროგრამა შეუძლებელი იქნებოდა პროფესიულ სასწავლებლებთან პარტნიორობის გარეშე. წელს ამ ჩამონათვალს დაემატება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სადაც შესაძლებელი იქნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიმართულებით გადამზადება.
მოქალაქეები, რომლებმაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გადამზადების კურსი გაიარეს, 110-ზე მეტ კომპანიაში დასაქმდნენ.
ბასილაიას თქმით, პროგრამის ფარგლებში 2018 წლიდან დღემდე 6,5 ათასი ადამიანი გადამზადდა, საიდანაც 70% დასაქმდა. 2023-2025 წლებში პროგრამაში დაგეგმილია 10 ათასი მოქალაქის ჩართვა.
მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად განაცხადების მიღებას იწყებს>>>
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში სამუშაო ადგილები არის, მაგრამ ბიზნეს-სექტორს ხშირად უჭირს შესაფერისი კადრების მოძიება.
„ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ არის. ამასთან, ბიზნეს-სექტორი ხშირად ვერ პოულობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშახელს", – განაცხადა კალაძემ.
ბიზნეს-სექტორმა მერიას მიაწოდა ინფორმაცია იმ სფეროების შესახებ, სადაც კადრებია საჭირო და ამის შესაბამისად შემუშავდა კონკრეტული პროგრამა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, კადრების დეფიციტი შეიმჩნევა სამშენებლო სექტორშიც, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ის არის, რომ კარგად ანაზღაურებადი სამუშაოს საძიებლად მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ.
კურსებზე სწავლის ღირებულებას მთლიანად აფინანსებს თბილისის მერია. თითოეული კურსის ხანგრძლივობა, რომელიც შეიცავს როგორც თეორიას, ისე პრაქტიკას, სამი თვეა. ყველა სტუდენტი, ვინც კურსს დაასრულებს, სერტიფიკატს იღებს.
თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წელს ამოქმედდა. პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების სწავლება მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით და მათი დასაქმების ხელშეწყობა.
ყველა ახალი ამბავი
0