„ვეიპერებს“ ფილტვის ახალი დაავადება უტევს - ექსპერტები ელექტრონული სიგარეტის საშიშროებაზე

© Pixabay / Andreas Ganterელექტრონული სიგარეტები
ელექტრონული სიგარეტები - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2023
გამოწერა
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ადამიანები, რომლებიც ელექტრონულ სიგარეტს იყენებენ, ფილტვების ახალი სენით ავადდებიან, განაცხადა საქართველოს თამბაქოს კონტროლის ცენტრის დირექტორმა გიორგი მაღრაძემ პრეს-ცენტრ „კვირაში“.
საუბარია ე.წ. ვეიპერების დაავადება „ევალიზე“ (EVALI – E-cigarette and Vaping use-Associated Lung Injury). ეს არის ფილტვების დაავადება, რომელიც ასოცირდება ელექტრონული სიგარეტის და ვეიპების მოწევასთან.
ესაა არაინფექციური რესპირატორული დაავადება, რომელიც ელექტრონული სიგარეტების გამოყენებას უკავშირდება. მაღრაძის ინფორმაციით, როდესაც მეცნიერებმა დაავადება დეტალურად შეისწავლეს, დაასკვნეს, რომ ის ელექტრონული სიგარეტის გამოყენებას უკავშირდება.
„2019 წლიდან უცნაური და ჯერ კიდევ შეუცნობელი დაავადება დაფიქსირდა, რომელსაც „ევალი“ უწოდეს, რაც ელექტრონული სიგარეტებით და „ვეიპერებით“ გამოწვეულ ფილტვის დაავადებას ნიშნავს. დაავადება გამოიხატებოდა ფილტვის ქსოვილის ძალიან სერიოზულ ფიბროზულ გადაგვარებაში. ბევრი შემთხვევა სიკვდილითაც კი დასრულდა“, – განაცხადა მაღრაძემ.
ამერიკელ ვეიპერებს შორის ფილტვების უცნობი დაავადება გავრცელდა>>
დაავადებას იწვევს ნივთიერება, რომელიც ელექტრონული სიგარეტის შემადგენლობაში შედის. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ ელექტრონული სიგარეტის გამოყენება სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს მოზარდის ტვინზე, აღნიშნა მან.

„ზოგადად, თამბაქოს ყველა პროდუქტი საწამლავი, საშინელებაა, მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მასზე საერთოდ უარის თქმაა“, – განაცხადა მაღრაძემ.

ელექტრონული სიგარეტის მოხმარება საქართველოს სკოლებშიც კი დაფიქსირდა, რაც ძალზე საგანგაშო ფაქტია, განაცხადა მან. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც მშობლები თავად ურჩევდნენ შვილებს, თუ რომელი არომატით უნდა შეეძინათ ელექტრონული სიგარეტი, რამაც მაღაზიების კონსულტანტებში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიიჩნევს, ელექტრონული სიგარეტი უსაფრთხოა, კვლევებმა დაადასტურა, რომ ისინი შეიძლება ჩვეულებრივ თამბაქოზე უფრო მავნებელიც კი იყოს. სპეციალისტმა უარყო აზრი იმის თაობაზე, რომ ელექტრონული სიგარეტი თამბაქოსთვის თავის დანებებაში ეხმარება ადამიანს.
ვირისა და ღობის პრინციპი ელექტროსიგარეტსა და თამბაქოს შორის არჩევანში>>
ბოლო პერიოდში ელექტრონული სიგარეტის კაფე-ბარებში, რესტორნებსა და სხვა დაწესებულებებში მოწევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვა მოქმედებს.
უფრო ადრე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ავსტრალიელი მეცნიერების კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ ელექტრონული სიგარეტი სინამდვილეში არ ეხმარება ადამიანს მოწევისთვის თავის დანებებაში, უფრო მეტიც, ისინიც ისევე საშიშია ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს ნაწარმი.
„არა ელექტრონულ სიგარეტს“: NCDC კვლევის შედეგებს აქვეყნებს>>
კვლევაში აღნიშნულია, რომ ელექტრონული სიგარეტის გამოყენება ზრდის ფილტვების დაზიანების, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და სხვა სერიოზული დაავადებების რისკს.
ელექტრონული სიგარეტის გამოყენების დროს ადამიანი ქიმიური ნივთიერებების რთულ ნაერთს შეისუნთქავს. ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ელექტრონული სიგარეტის გამონაბოლქვი ნიკოტინის გარეშე შეიცავს 243 ქიმიურ ნივთიერებას, საიდანაც 38 შხამიანია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0