მშობლების საყურადღებოდ: პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

© Pixabay / weisanjiangსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2023
გამოწერა
სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. 2023-2024 სასწავლო წლისთვის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 6 მარტიდან დაიწყება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად, ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, პირველ კლასში სწავლის დაწყებას შეძლებენ. მანამდე არსებული რეგულაციით, სკოლებში დარეგისტრირება შეეძლოთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებოდათ.
უწყების ცნობით, რეგისტრაცია ოთხ ეტაპად ჩატარდება.
რეგისტრაციის I ეტაპი განხორციელდება 2023 წლის 6-20 მარტის ჩათვლით. ამ პერიოდში სკოლებში რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცემათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს.
I ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის ვადაა 21 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით პერიოდი.
I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობელები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის შეყვანა სურთ. სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე.
იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ფიზიკური შეზღუდვა; ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; სწავლის უნარის დარღევა; სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); მეტყველების განვითარების დარღვევა; ქცევითი და ემოციური დარღვევა; გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, და ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი.
II ეტაპი – სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
II ეტაპი 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
III ეტაპი დაიწყება 17 მაისიდან და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
ეს უკვე საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელიც განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე registration.emis.ge. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. თუ დოკუმენტაცია დადგენილ ვადებში არ იქნება წარდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
IV ეტაპი – სკოლებში ამ დროს გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
IV ეტაპი 28 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ყველა ახალი ამბავი
0