პრემიერა აყალმაყალისა და კურიოზების ფონზე

ჯოაკინო როსინი - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2023
გამოწერა
პირველმა სპექტაკლმა სტვენის, გნიასისა და აყალმაყალის ფონზე ჩაიარა; გარდა ამისა, სპექტაკლს კურიოზებიც არ დაჰკლებია.
მუსიკალურ თეატრში ხმაურიანი, სკანდალური ჩავარდნები იშვიათობა არაა. იშვიათობაა, როდესაც პრემიერაზე „ჩავარდნილ“ ოპერას რაღაც დროის შემდეგ შედევრად აღიარებენ.
ოპერის არსებობის ოთხასწლიანი ისტორიის განმავლობაში შედევრის სიცოცხლე, როგორც წესი, წარმატებული პრემიერიდან იწყებოდა. ხანდახან ეს პრემიერა არა მარტო წარმატებული, არამედ ტრიუმფალურიც იყო, ხანდახან — სენსაციურად ტრიუმფალურიც. ხანდახან კი ეროვნული მოვლენა ხდებოდა, როგორც ეს ჯუზეპე ვერდის „ნაბუქოს“ შემთხვევაში მოხდა, ან მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა — რიხარდ ვაგნერის „ნიბელუნგების ბეჭედი“.
ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ მსმენელი ახალ საოპერო ნაწარმოებს მხოლოდ მცირე ოვაციას ჩუქნიდა და ამ ოპერის წარმატებას რამდენიმე სპექტაკლი, გარკვეული დრო დასჭირვებია. თუ ოპერა ჩავარდებოდა, მას უკვე არავინ აღარასდროს იხსენებდა.
და მხოლოდ რამდენიმე ოპერამ, აშკარა ჩავარდნის შემდეგ, შეძლო მსოფლიო შედევრების სიაში შესვლა. საოპერო ხელოვნების ისტორიაში ასეთი სულ რამდენიმე შემთხვევაა და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისეთი ოპერები, როგორებიცაა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „ფიდელიო“, ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“, ჟორჟ ბიზეს „კარმენი“, რიხარდ ვაგნერის „ტანჰოიზერი“, ჯაკომო პუჩინის „მადამ ბატერფლაი“ და სხვები…
ერთ-ერთი ასეთი ოპერაა იტალიელი კომპოზიტორის ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერის ჩავარდნა მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდა, მაგრამ ეს ნამდვილი „ჩავარდნა“ იყო.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: რომის თეატრ „არჯენტინას“ ზამთრის საკარნავალო სეზონისთვის ოპერა დასჭირდა. იმის დრო აღარ იყო, რომ დაწერილიყო ახალი ლიბრეტო და ის ცენზურისთვის შეეთანხმებინათ. ამიტომ როსინიმ და ლიბრეტისტმა ჩეზარე სტერბინიმ ბომარშეს უკვე ნაცადი პიესის „სევილიელი დალაქის“ აღება გადაწყვიტეს. თუმცა ამ სიუჟეტზე კომპოზიტორ ჯოვანი პაიზიელოს უკვე ჰქონდა დაწერილი ოპერა, რომელიც 13 წელზე მეტ ხანს ინარჩუნებდა პოპულარობას.
© FL/ Florida Grand Operaროსინის "სევილიელი დალაქი"
როსინის სევილიელი დალაქი - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2023
როსინის "სევილიელი დალაქი"
როსინის რიმეიკი ამ პოპულარობის მსხვერპლი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ პაიზიელოსგან მიღებული იყო წერილობითი თანხმობა, ხოლო როსინიმ პრემიერისთვის მიმართვა დაწერა, სადაც ორიგინალისა და მისი ავტორის მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატავდა, ძველი ვერსიის მომხრეებმა პრემიერა ორგანიზებულად ჩაშალეს. პირველმა სპექტაკლმა სტვენის, გნიასისა და აყალმაყალის ფონზე ჩაიარა, რომელიც მაშინვე დაიწყო, როგორც კი როსინი კლავესინს მიუჯდა. გარდა ამ ორგანიზებული ჩაშლისა, სპექტაკლს კურიოზებიც არ დაჰკლებია.
დონ ბაზილიოს როლის შემსრულებელი დაეცა და სახე დაიზიანა. ის დასისხლიანებული მღეროდა და თან სახეს იწმენდდა; შემდეგ უცაბედად სცენაზე კატამ შემოირბინა და წასვლა აღარ უნდოდა.
როსინიმ, რომელიც გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, თეატრი სპექტაკლის დასრულებამდე დატოვა. მეორე წარმოდგენისთვის მან ოპერაში მცირე შესწორებები შეიტანა, მაგრამ საღამოს სპექტაკლზე არ მივიდა. არ მივიდნენ პრემიერის ჩაშლით კმაყოფილი მისი მტრებიც. და ეს მათი შეცდომა გახდა.
საქსოფონი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
მუსიკა, რომელიც ანაცვლებს სექსს და კურნავს სიმელოტეს
ჩვეულებრივმა მსმენელმა მოისმინა ოპერა და მისი ღირსებები სათანადოდ შეაფასა. მაყურებელი აღფრთოვანებული დაიძრა იმ სასტუმროსკენ, სადაც კომპოზიტორი განმარტოვდა. როსინი, შემოესმა რა უცნაური ყვირილი, თავლაში დაიმალა. მასთან გრაფ ალმავივას პარტიის შემსრულებელი, სახელგანთქმული ესპანელი ტენორი მანუელ გარსია ახლადგამომცხვარ თაყვანისმცემლებთან ერთად მივიდა, მაგრამ ვერ შეძლო შეშინებული როსინის დარწმუნება, რომ მისი ოპერა მსმენელმა დიდი ოვაციებით მიიღო და დრო იყო, ამ აღფრთოვანებულ ხალხთან გამოსულიყო; სამაგიეროდ თვალში მისგან ფორთოხალი მიიღო, რის გამოც შემდეგი რამდენიმე დღე დალურჯებული თვალით დადიოდა.
ასეთი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერის პრემიერისა და მისი ერთდღიანი, მაგრამ სერიოზული ჩავარდნის ისტორია.
ყველა ახალი ამბავი
0