ქართულ-იტალიური ამბავი და დუეტი, რომელიც მხოლოდ სიყვარულზე მღერის

© courtesy of Lali Burduliლალი ბურდული
ლალი ბურდული - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
გამოწერა
„ჩვენ მხოლოდ სიყვარულზე ვმღერით, რადგან სიყვარულია საყოველთაო გადარჩენა და სულის მალამო“ - ამ მასალაში იტალიაში მცხოვრები ლალი ბურდულის უჩვეულო ცხოვრებისა და სიყვარულის ამბავს გიამბობთ.
მისი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველოში მიშა ჭავჭავაძის რუსულ სახალხო თეატრში მოხვდა. შემოქმედებითი გზა თავად მედეა ჩახავამ დაულოცა. როცა ყველაზე რთული ეტაპი დაუდგა, უიმედობისგან მოულოდნელად გამოჩენილმა სიყვარულმა იხსნა. გავასწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ იტალიურ-ქართული დუეტი სახელად Duo LALIMBERTI უკვე ბევრმა იცის. ლალი ბურდული და მისი მეუღლე, ნიჭიერი, დაბადებით უსინათლო დუჩო ლიმბერტი კონცერტებზე სიმღერებს იტალიურად, ქართულად, რუსულად, ინგლისურად, ესპანურად, პორტუგალიურად და ბერძნულად ასრულებენ. არაიშვიათად მათი გამოსვლა საქველმოქმედო ხასიათისაა. უკვე არაერთი მუსიკალური ალბომი ჩაწერეს.
© courtesy of Lali Burduliლალი ბურდული და მისი მეუღლე დუჩო ლიმბერტი სცენაზე
ლალი ბურდული და მისი მეუღლე დუჩო ლიმბერტი სცენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
ლალი ბურდული და მისი მეუღლე დუჩო ლიმბერტი სცენაზე
- ქალბატონო ლალი, ბავშვობიდან გამოირჩეოდით როგორც ნიჭიერი და ბეჯითი გოგო, თქვენი წარმატებების ათვლაც იქიდან დაიწყო?
- სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და ერთი გამოცდით უნივერსიტეტში ჩავირიცხე, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. აკადემიკოს თეოფანე დავითაიას სახელობის პირველი სტიპენდიანტი ვიყავი და წითელი დიპლომი მივიღე. მანამდე ჩვენს სკოლას შეფობას უწევდა კავშირგაბმულობის სამინისტრო, რომლის შენობაში არსებულ კულტურის სახლს სულიკო კოროშინაძე ხელმძღვანელობდა. იქ მიშა ჭავჭავაძის რუსულ სახალხო თეატრში მოვხვდი. ბევრი ადგილობრივი თუ საკავშირო კონკურსის ლაურეატი ვარ. მინდა პატივისცემით ვახსენო ზორა ეგუტია, რომელმაც თავის დროზე გამაცნო მსახიობი მედეა ჩახავა. სწორედ ამ უკანასკნელმა დამილოცა პირველად შემოქმედებითი გზა. თუმცა იმ დროს დარწმუნებული ვიყავი, რომ თეატრი და სცენა ჩემი საქმე არ იყო.
© courtesy of Lali Burduliლალი ბურდული
ლალი ბურდული - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
ლალი ბურდული
- საკუთარ სურვილებზე უარის თქმა ხშირად გიწევდათ?
- ცხოვრების მანძილზე არჩევანს ყოველთვის ოჯახის სასარგებლოდ ვაკეთებდი და დღესაც ასეა. მაგალითად, ამავე მიზეზით ვთქვი უარი წინასადიპლომო პრაქტიკაზე დამასკოს უნივერსიტეტში. აქვე იმასაც ვიტყვი, რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, 15 წლის ასაკიდან ჩემი ყველაზე დიდი სურვილი შვილების გაჩენა იყო, ამიტომ ოჯახი 19 წლისამ შევქმენი და დღეს ორი ვაჟის დედა ვარ. საუნივერსიტეტო პედაგოგიური პრაქტიკის დასრულებისას ჩემმა ხელმძღვანელმა შემაქო და პედაგოგიური საქმიანობის დაწყება მირჩია. მაშინაც დავარღვიე სტერეოტიპი და გეოგრაფიის მასწავლებლად გლდანის N173 სკოლაში ვთხოვე განაწილებით გაგზავნა. საბჭოთა პერიოდის დროს არსებული წყობა კადრების აღზრდას დიდ ყურადღებას უთმობდა, ავად თუ კარგად, სისტემა აწყობილი იყო, ამიტომ პოლიტიკურმა კარიერამ თავად მომძებნა: მე ჯერ გლდანის 115-ე სკოლის მდივნად ამირჩიეს, მერე კომკავშირის რაიონული კომიტეტის მდივნად. რაიკომის მეორე მდივნის თანამდებობის მერე თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივნად გადამიყვანეს, სადაც განათლებისა და კულტურის სექტორი ჩამაბარეს. ეს იყო ჩემი უკანასკნელი სამუშაო ადგილი ცხოვრებაში.
© courtesy of Lali Burduliლალი ბურდული და მისი მეუღლე დუჩო ლიმბერტი
ლალი ბურდული და მისი მეუღლე დუჩო ლიმბერტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
ლალი ბურდული და მისი მეუღლე დუჩო ლიმბერტი
- ვიცი, რომ ოჯახი თქვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო...
- როცა 1990 წელს ჩემი მეორე ვაჟი დაიბადა, მას ცერებრალური დამბლის გარდა, ორი წლის ასაკში დიაბეტიც დაემართა. მე კი, ორი უმძიმესი ოპერაციის შემდეგ, სასწაულებრივად გადავრჩი. აი, მაშინ განსაკუთრებულად ჩავფიქრდი იმაზე, თუ რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და რა - მეორეხარისხოვანი. მივხვდი, რომ საზოგადოებისთვის ჩემი მსახურება დასრულდა და საკუთარი ცხოვრება მთლიანად პატარა კოტესთვის უნდა მიმეძღვნა. ინტენსიურად დავიწყე მისი ორივე ავადმყოფობის შესწავლა, მის დიაბეტზე ზრუნვა არაჩვეულებრივმა ექიმმა მარინა გორდელაძემ აიღო თავის თავზე და სწორ გზაზე დაგვაყენა. ახლაც მისი რჩევა-დარიგების წყალობით ვუძღვებით ცხოვრებას. იმდროინდელ გაჭირვებულ საქართველოში კოტეს გადარჩენისთვის დიაბეტით დაავადებული ბავშვების ასოციაციის არსებობაც კი მნიშვნელოვანი იყო.
© courtesy of Lali Burduliლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი კონცერტზე
ლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი  კონცერტზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
ლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი კონცერტზე
- იტალიაში როდის ჩახვედით და როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
- 1994 წელს იტალიაში ჩავედი იმისთვის, რათა მენახა დედა, რომელიც ტოსკანაში უკვე რამდენიმე წელი ცხოვრობდა. მან გაიგო, რომ ნეაპოლში ვალენტინ დიკულს სარეაბილიტაციო ცენტრი ჰქონდა გახსნილი და ამ კლინიკაში კოტეს ჩვენება გადავწყვიტეთ. თანაც, დედასთან ახლოს ყოფნას რა ჯობს... იტალიელმა ექიმებმა კოტესთვის საჭირო პირველადი ნევროლოგიურ-სარეაბილიტაციო ვარჯიშები გვასწავლეს. იტალიაში საცხოვრებლად 2000 წელს გადმოვედით, რადგან უფროსი ვაჟი აქ სასწავლებლად ჩამოვიდა. მე და დუჩოს კავშირი რომ შემდგარიყო, ამისთვის განგებამ საბჭოთა კავშირი დაშალა, მე კი შშმ შვილი მაჩუქა–მეთქი, ვამბობ ხოლმე. დუჩო იტალიაში პირველად ჩასვლის დროს გავიცანი, როცა უბნის პოლიკლინიკაში მუშაობდა. მის შესახებ დედაჩემისგან გავიგე – ჩვენს პოლიკლინიკაში ერთი ნიჭიერი მუსიკოსი და პოლიგლოტი მუშაობსო. დუჩომ სურვილი გამოხატა, რომ კოტეს შაქრის გასაზომი ხელსაწყოსთვის ჩხირების შეძენაში დაგვხმარებოდა. ყველაფერში აშკარად ჩანდა მისი უზადო ნიჭი და კეთილშობილება. ბოლოს იმითაც გამაოცა, რომ ერთი სიმღერა სტვენით წაიმღერა.
© courtesy of Lali Burduliლალი ბურდული
ლალი ბურდული - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
ლალი ბურდული
- მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს...
- საოცარია, მაგრამ დუჩოსთან ურთიერთობის დროს სულ მავიწყდებოდა, რომ ის უსინათლოა. ბავშვობაში დუჩოს აუტიზმის ნიშნები და რიგი ნევროლოგიური გადახრა ჰქონდა. მისმა დედამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა დუჩოს თავისი ფიზიკური ნაკლი არ ეგრძნო. ის ერთ „რიგით” და თვითმყოფად გენიოსად თავისთავად ჩამოყალიბდა. რა ვიცოდი, რომ გავიდოდა დრო და ეს უსინათლო ნიჭიერი ახალგაზრდა ჩემი მეუღლე გახდებოდა.
© courtesy of Lali Burduliლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი კონცერტზე
ლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი კონცერტზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
ლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი კონცერტზე
- პირველი კონცერტი როდის ჩაატარეთ?
- ჩვენი პირველი კონცერტი 2017 წლის 17 სექტემბერს დუჩოს მშობლიური ქალაქის სან ჯიმინიანოს თეატრის სცენაზე წარმატებით გაიმართა. ბოლო კონცერტი 2021 წლის 20 ივნისს ღია სივრცეში, ერთი იტალიელი ახალგაზრდა წყვილის დასახმარებლად გავმართეთ. მათ სამი არაჩვეულებრივი ბავშვი ჰყავთ და ამავდროულად მძიმედ დაავადებულ, მიტოვებულ ბავშვებზე ზრუნავენ. კონცერტის დროს დუჩოს პირველი წიგნის გაყიდვით შემოსული თანხა და თავისუფალი შემოწირულობით შეგროვილი 655 ევრო ამ თბილ, გმირ ოჯახს ხელზე გადავეცით. დღეს ჩვენს საშინაო აუდიო studio-ში ჩაწერას მე ვუძღვები, კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო უზრუნველყოფაც მე მაბარია. ტექსტების შექმნაზე, რითმულ და პოეტურ თარგმანზე კი დუჩოსთან ერთად ვმუშაობ. დღეს ჩვენი დუეტი სიმღერებს იტალიურად, ქართულად, რუსულად, ინგლისურად, ესპანურად, პორტუგალიურად, ბერძნულად ასრულებს. ჩვენ მხოლოდ სიყვარულზე ვმღერით, რადგან სიყვარულია საყოველთაო გადარჩენა და სულის მალამო.
- რა შთაბეჭდილება მოახდინა საქართველომ თქვენს იტალიელ მეუღლეზე?
- როცა 2018 წლის ივლისში მე და დუჩო საქართველოში ჩავედით, კლასელებმა შეხვედრა გადავწყვიტეთ და მსოფლიოს ყველა კუთხიდან შევიკრიბეთ. დუჩო მოჯადოებული დარჩა იმ სითბოთი, სათნოებითა და სიყვარულით, რომელიც მას ჩემმა ნათსავებმა, მეგობრებმა თუ ახლობლებმა გულუხვად უწილადეს. საქართველოში მე და დუჩომ მოვილოცეთ წმინდა ადგილები – სვეტიცხოველთან, ჯვართან შეხვედრის განცდა დუჩომ თავის ქართულ სიუიტაშიც ჩააქსოვა. წმინდა მამა გაბრიელის საფლავთან დუჩო დიდხანს შეყოვნდა. როდესაც შინ დაბრუნება შევთავაზე, მთხოვა დამეცადა, მამა გაბრიელისთვის სათქმელი ბოლომდე არ მითქვამსო. ვინ იცის, რა შესთხოვა წმინდა სალოსს...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0