კანონი „უცხოური აგენტების" შესახებ: წულუკიანი არასამთავრობოების რეაქციას არ ეთანხმება

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
გამოწერა
კულტურის მინისტრის განმარტებით, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია ყველა სექტორისათვის.
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა არასამთავრობო სექტორს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცესში თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ ბაზის შექმნას. ასეთი შეიძლება იყვნენ მხოლოდ იურიდიული პირები – არასამთავრობო ორგანიზაცია ან მასმედია, რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%-ის წყარო „უცხოური ძალაა“.
აღნიშნული კანონპროექტი ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, პრეზიდენტისა და აშშ-ის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. მიუხედავად ამისა, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გადაწყვიტა, მას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭიროს, ხოლო დეტალების განხილვა გააგრძელოს.

„ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ არასამთავრობო სექტორი ითანამშრომლებს და დათანხმდება იმას, რომ გამჭვირვალობა მათთვისაც გაჯანსაღების გზაა“, – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია ყველა სექტორისთვის და „ქართული ოცნების“ მთავრობამ 2013 წლიდან არაერთი მკაცრი რეფორმა გაატარა ხელისუფლების ყველა შტოს გამჭვირვალობისთვის.
„ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები უნდა იყოს გამჭვირვალე და ამისთვის 2013 წლიდან არაერთი ძალიან მკაცრი კანონი იქნა მიღებული აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების სტრუქტურებისთვის, ვფიქრობ, ეს იყო გამართლებული და აუცილებელი. ჩვენ ასევე არაერთი ნაბიჯი გადავდგით კერძო სექტორის გამჭვირვალობისთვისაც“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, გაწეულ სამუშაოზე მოწმობს ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონე, რასაც ყოველწლიური საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს. პარალელურად კი მხარეები ახალი კანონის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ.
ვის უწოდებენ „უცხოურ აგენტს" - სკანდალური კანონპროექტის დეტალები>>>
„კანონი საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. როგორც ვიცი, რამდენიმე ვერსიაა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს. ახლა ამაზე არ ვმსჯელობთ, ახლა ვმსჯელობთ იმაზე, გვინდა თუ არა ყველას ერთად, რომელ სექტორსაც არ უნდა წარმოვადგენდეთ, საზოგადოების წინაშე გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, – განაცხადა წულუკიანმა.
მას შემდეგ, რაც კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა, „ხალხის ძალამ“ ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირებაც გადაწყვიტა – „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგი იქნება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია დეტალურად განიხილავს „უცხოურ აგენტებზე“ ორივე კანონპროექტს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელს დაუჭიროს მხარი. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში მოქმედებს ანალოგიური, არაადეკვატურად მკაცრი კანონი, და ამგვარი კანონის მიღება პარტიაში არასწორად მიაჩნიათ.
ინიციატივის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ამერიკულ და რუსულ კანონებზე უკეთესია. მათი თქმით, ქართულ ვერსიაში გამოიყენება ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“, რომელიც „სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს“.
კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სრული გამჭვირვალობა, აცხადებენ ინიციატივის ავტორები.
ყველა ახალი ამბავი
0