„ქართული ოცნების" ლიდერმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი სიცრუეში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
გამოწერა
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ითვალისწინებს საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ ბაზის შექმნას.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ პრაისი შეცდომაში შეიყვანეს, რის შედეგადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართულ კანონპროექტთან დაკავშირებით მან ცრუ ინფორმაცია გააჟღერა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ადრე ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.

„ასე მოხდა. იგი (ნედ პრაისი) შეცდომაში შეიყვანეს. არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და, სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის პირით ტყუილი ითქვა", – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ოპოზიცია რთულ ვითარებაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ავტორმა საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთი ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირება – „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგი იქნება.
„ჩვენ ვამბობდით, რომ „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული პირვანდელი ვარიანტი იყო გაცილებით სრულყოფილი, ვიდრე ამერიკული. ახლა, როდესაც ამერიკული თარგმანი დაინიცირდა, ისინი ჩიხში არიან შესულები და ტყუილს ლაპარაკობენ. რა უნდა თქვან - ამერიკული კანონის ასლია. მათ არაფერი აქვთ სათქმელი, ამიტომაც იძულებული არიან მოიტყუონ", – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტში „უცხოური აგენტების" შესახებ ალტერნატიული კანონპროექტიც დარეგისტრირდება>>>
მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მეორე ვარიანტმა ოპოზიცია სიცრუეში ამხილა.
„მანამდე იტყუებოდნენ, თითქოს ქართული კანონპროექტი იყო რუსული, რაც ტყუილი იყო და ვინც ამას ამბობდა და ამბობს, ტყუის. ახლა უკვე ამერიკულსაც (კანონპროექტს) რუსულს ეძახიან, ეს უკვე ტყუილზე მეტია. ვინც ამბობს, რომ კანონპროექტის პირველი ვერსია რუსულია, იტყუება“, – განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტია კანონპროექტის ორივე ვარიანტის განხილვას გეგმავს.
ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტის ორივე ვერსიის პირველი მოსმენით მხარდაჭერა გადაწყვიტა, რის შემდეგაც დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე მმართველი პარტია გადაწყვეტს შემოთავაზებული კანონპროექტებიდან საბოლოოდ რომელს დაუჭიროს მხარი.
ამასთან, კობახიძემ ადრე აღნიშნა, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრი კანონია და ამგვარი კანონის მიღება „ქართულ ოცნებაში" არასწორად მიაჩნიათ.
უკმაყოფილების პირველი ტალღა
როგორც კი „ხალხის ძალამ“ განაცხადა, რომ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიცირებას გეგმავს, პროტესტის ტალღა მმართველი გუნდის ყველა ოპონენტის მხრიდან წამოვიდა. კრიტიკა ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე პროექტი პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდებოდა და გამოქვეყნდებოდა.
ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნამოქმედარია, რომელსაც „რუსული კანონით“ არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლება სურს. დეპუტატები, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დააარსეს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაინც მასთან ერთად დარჩნენ საპარლამენტო უმრავლესობაში.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი საქართველოს აახლოებს არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ითვალისწინებს საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ ბაზის შექმნას. ასეთი შეიძლება იყვნენ მხოლოდ იურიდიული პირები – არასამთავრობო ორგანიზაცია ან მასმედია, რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%-ის წყარო „უცხოური ძალაა“.
ყველა ახალი ამბავი
0