ქართველი ადვოკატის იტალიური წარმატება - ფიზიკური ორთაბრძოლა და იურიდიული დაპირისპირება

© courtesy of Beka Tavartkiladzeბექა თავართქილაძე
ბექა თავართქილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2023
გამოწერა
ამ ადამიანისთვის დაუწერელი კანონი ან წესი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: „მიჰყევი შენს ოცნებებს და არასდროს დანებდე!“ ალბათ ამ წესის დაცვით მიაღწია თავის სფეროში ასეთ შთამბეჭდავ წარმატებებს.
რომის ადვოკატთა ფორუმის პირველი ქართველი ადვოკატის ბექა თავართქილაძის კარიერული წინსვლის ეტაპები ასეთია: 2010-2011 წლებში სტაჟირება გაიარა იურიდიულ ფირმაში „ფრეშფილდ ბრუკჰაუზ დერინგერ“. ამას მოჰყვა სტაჟირება რომის იურიდიულ ფირმაში „კარაბა და პარტიორები“. შემდეგ იყო გვიდო კარლის სახელობის რომის უნივერსიტეტის დოქტორანტურა; 2014-2016 წლებში იურიდიული ფირმა „სტიგონის“ იურისტი გახდა; 2014-2016 წლებში რომის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პირველი მდივანი და მილანის საარბიტრაჟო პალატის უფროსი თანამშრომელი იყო. თანამშრომლობდა იტალიის მარკეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან, ამავე წელს რომის ადვოკატთა ფორუმის წევრი გახდა.
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს ბექა თავართქილაძეს გვიდო კარლის სახელობის რომის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის დიპლომი და ბაკალავრის ხარისხიც მიენიჭა. ასეთი წარმატებების ფონზე აცხადებს, რომ ეს მხოლოდ გზის დასაწყისია.
© photo: courtesy of Beka Tavartkiladzeბექა თავართქილაძე
ბექა თავართქილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2023
ბექა თავართქილაძე
- ბატონო ბექა, ამ ჩამონათვალიდან რომელია თქვენთვის მნიშვნელოვანი?
- როდესაც გავიმარჯვე კონკურსში, რომელიც რომის ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის პირველ მდივანს ასახელებდა. მაშინ 26 წლის ვიყავი და მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. სახელმწიფო გამოცდა პირველ ცდაზე ვერ ჩავაბარე, ამიტომ ძალიან ძნელი პერიოდი გადავიტანე. როცა 72 კონკურენტის წინააღმდეგ გავიმარჯვე, რომის ადვოკატების ფორუმის პრეზიდენტმა იტალიის უზენაესი სასამართლოს წევრების თანდასწრებით ოფიციალურ შეკრებაზე რომის ახალგაზრდა ადვოკატების წარმომადგენლად დამნიშნა. აი, მაშინ მივხვდი, რომ ბრძოლა უნდა გამეგრძელებინა.
© photo: courtesy of Beka Tavartkiladzeბექა თავართქილაძე
ბექა თავართქილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2023
ბექა თავართქილაძე
- ადვოკატობაზე თავიდანვე ოცნებობდით?
- თავიდან არ ვფიქრობდი, რომ ადვოკატი გავმხდარიყავი. უნივერსიტეტში სწავლის დროს სურვილი მქონდა, რომ გაეროში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში წავსულიყავი სამუშაოდ, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ყოველთვის მომწონდა აზრთა დაპირისპირება, საკუთარი პოზიციის დაცვა, რაშიც, ჩემი აზრით, დიდი როლი ითამაშა კრივისადმი ჩემმა განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ, რადგან ფიზიკური ორთაბრძოლა იურიდიულ დაპირისპირებაში გადავიტანე.
© photo: courtesy of Beka Tavartkiladzeმშობლებთან ერთად
მშობლებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2023
მშობლებთან ერთად
- როგორც მოკრივე, ყოფით სიტუაციებში უსამართლობის დროს როგორ იქცევით?
- ზოგადად უსამართლობის დროს მიჭირს ხოლმე თავის შეკავება. ამასთან დაკავშირებით ერთი ინციდენტი მინდა გავიხსენო. როცა ლონდონის კინგს კოლეჯში სამუშაოდ ჩავედი, პირველივე ღამეს განათებულ ლონდონის ქუჩებში სავახშმოდ გავედი. კოლეჯთან ახლოს დავინახე, რომ ახალგაზრდა ბიჭი გოგონას სცემდა. მივუახლოვდი და ძალიან ზრდილობიანად ვუთხარი: პატივცემულო, გთხოვთ გაჩერდეთ! „პატივცემული“ შემობრუნდა და მოულოდნელად სახეში გამარტყა. მე მოვასწარი პასუხის დაბრუნება და ამ დროს მანდილოსანი, როგორც კი დაინახა, რომ მისი გულის სწორი მიწაზე ეგდო, თავს დამესხა და მე დამიწყო ცემა, თან ყვიროდა, ეს რა მიქენი, დამღუპეო! რა მეთქვა არ ვიცოდი, გაოცებული დავრჩი. მეორე დღეს კოლეჯში ჩალურჯებული თვალით გამოვცხადდი. ამ ფაქტის კომენტარი თქვენთვის მომინდვია.
© photo: courtesy of Beka Tavartkiladzeბექა თავართქილაძე
ბექა თავართქილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2023
ბექა თავართქილაძე
- თავს გარკვეულად იტალიელადაც თუ თვლით?
- მე საქართველოში ვარ დაბადებული, გაზრდილი - იტალიაში. არასდროს დავივიწყებ ჩემი ბავშვობის სახლს თბილისში, ნაძალადევის რაიონში. ჩემი ბებიისა და ბაბუის სახლს ქვიშხეთში და ასევე ვერ უარვყოფ იმ განათლების მნიშვნელობას, რაც იტალიაში მივიღე. ჩემი ფესვები საქართველოშია, მაგრამ ჩემი შეხედულებების ჩამოყალიბება საერთაშორისო გარემოში მოხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე კულტურას ვიზიარებ...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0