საქართველოსა და ტაილანდს შორის თანამშრომლობა ვითარდება

© photo: Sputnik / Alexander Yuriev / გადასვლა მედიაბანკშიბანგკოკი
ბანგკოკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2023
გამოწერა
მხარეებმა დიპლომატიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო პალატებს შორის მემორანდუმი გააფორმეს
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. ბანგკოკში საქართველოს და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების რიგით მეორე რაუნდი გაიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მხრიდან კონსულტაციებში ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო ტაილანდის მხრიდან – ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრი ვიჯავატ ისარაბჰაკი მონაწილეობდნენ. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2019 წლის მარტში გაიმართა.
კონსულტაციების ფარგლებში ხელი მოეწერა ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს დევავანგსე ვაროპაკარნის სახელობის ინსტიტუტსა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს და ასევე ტაილანდის კომერციის და სავაჭრო საბჭოს პალატასა და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ორმხრივ კონსულტაციებზე მხარეებმა ასევე განიხილეს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მომდინარე საფრთხეები და გამოწვევები.
კონსულტაციებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას ტურიზმის, კულტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე განათლების სფეროებში, განსაკუთრებულად კი ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობას ყველა შესაძლო მიმართულებით და ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას, მათ შორის, ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.
ბანგკოკიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერული ფრენები კვლავ განახლდება>>>
2022 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ტაილანდის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, აღინიშნა შეხვედრაზე.
გარდა ამისა, ქართულმა დელეგაციამ ტაილანდში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში (22-24 თებერვალი) გამართა გაცნობითი შეხვედრა სარავუტ ფეტპანომპომთან, ტაილანდის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან. ხოლო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ შეხვედრა გამართა ტაილანდელ კოლეგასთან.
საქართველოს დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა გაეროს გენმდივნის მოადგილესთან და აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანთან, არმიდა სალსია ალისჯაბჰანასთან.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ტაილანდს შორის 1992 წლის 21 ივნისს დამყარდა. ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. გაიმართა ორი ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური და სამუშაო შეხვედრები როგორც ბანგკოკში, ისე თბილისში. ურთიერთობები განსაკუთრებით ვითარდება ეკონომიკის სფეროში.
ყველა ახალი ამბავი
0