როცა ტკივილს ერევი - მკლავჭიდელი ჩემპიონი გოგოს ოცნება
17:32 25.02.2023 (განახლებულია: 12:04 28.02.2023)
© courtesy of Marine Futkaradzeმარი ფუტკარაძე
© courtesy of Marine Futkaradze
გამოწერა
„ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ისეთ დიდ და თბილ ოჯახში გავიზარდე, როგორიც ურეხის ბავშვთა სახლია“ – გვითხრა ბათუმელმა მარი ფუტკარაძემ, რომელიც რვა წლიდან ბავშვთა სახლში იზრდებოდა.
წლების მერე, როცა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე რვა მედალი აქვს აღებული. აჭარისა და საქართველოს ჩემპიონატში ერთდროულად ორი მედლის მფლობელი გახდა.
- მარი, ბავშვთა სახლში გატარებული წლები როგორ გახსენდებათ?
- ბავშვთა სახლში ბევრი რამ შევიძინე, პირველ რიგში ადამიანები, რომლებიც გვერდით დამიდგნენ და ცხოვრების ურთულესი პერიოდი გამიადვილეს. ყველაფრის გააზრებასა და გადატანაში დამეხმარნენ აღმზრდელ-მასწავლებლები და მეგობრები, რომლებთან ერთადაც ვიზრდებოდი. ჩვენი საერთო სახლი ჰგავდა ოჯახურ გიმნაზიას, სადაც პროფესიულ განათლებასაც გვაძლევდნენ. ჩვეულებრივ სკოლაში ამდენს ვერ ვისწავლიდი.18 წლის რომ გავხდი, როგორც წესია, ბავშვთა სახლიდან მეც გამომიშვეს სხვა თანატოლებთან ერთად. მყავს მამა, ორი და, ბიცოლა და ბიძია, რომლებიც გვერდში მიდგანან. თავის დროზე იმ გარემოში იმიტომ მოვხვდი, რომ ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა. ყველაზე დიდი ტკივილი ჩემთვის დღემდე დედის გარდაცვალებაა.
© photo: courtesy of Marine Futkaradzeმარი ფუტკარაძე
მარი ფუტკარაძე
- ვიცი, რომ ჯანმრთელობის პრობლემებიც გაქვთ და მასაც მოერიეთ...
– ბავშვობიდან სმენა მაკლდა. ჩემი და მუნჯია და ეს ნაკლი მეც გენეტიკურად მაქვს. როცა ბავშვთა სახლში მიმიყვანეს, საერთოდ არ მესმოდა. მერე ყურში რაღაცნაირი შუილის ხმა გაჩნდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ყურთასმენა მქონდა. ჩემი აღმზრდელი გიული თავბერიძე ძალიან დამეხმარა, რომ ჩემთვის ყურის აპარატი ეყიდათ. ამით შანსი მომეცა ლაპარაკი მესწავლა. ჩვენი დირექტორი, ბატონი გია ვერძაძე ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბავშვებს კარგი განათლება და აღზრდა მიგვეღო. ჩვენ გვერდით კიდევ ბევრი კეთილი ადამიანი იყო, რომელთა ჩამოსათვლელად დრო არ მეყოფა.
© photo: courtesy of Marine Futkaradzeჩემპიონატის შემდეგ საქართველოს გუნდთან ერთად
ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს გუნდთან ერთად
- წარმატებული მკლავჭიდელი ხართ, სპორტი რაში დაგეხმარათ?
- ჩემთვის სპორტი ცხოვრების ასპარეზია, სადაც საშუალება მომეცა, შესაძლებლობები გამომევლინა. გარეთ გამომეტანა ის ემოციები, ჟინი და მიზანდასახულობა, რასაც შინაგანად განვიცდიდი. ბევრს ჰგონია, რომ მკლავჭიდი უფრო მამაკაცური სპორტია, მაგრამ მსოფლიოში ბევრია წარმატებული მკლავჭიდელი ქალი. მე ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობ და ერთხელ მათთან მარჯვენა ხელით შიდა შეჯიბრებაში მეორე ადგილზეც კი გავედი.
© photo: courtesy of Marine Futkaradzeმარი ფუტკარაძე
მარი ფუტკარაძე
- გაიხსენეთ თქვენი წარმატებები სპორტში...
– ჩემი პირველი წარმატება იყო ანტალიაში, სადაც მეორე ადგილზე გავედი. ევროპის ჩემპიონატში 55 კილომდე კატეგორიაში 16 წლამდე ასაკის გოგონების ნაკრებში 24 ქვეყნის მკლავჭიდელი იღებდა მონაწილეობას. ეს გამარჯვება იყო ჩემთვის ისეთი ბედნიერება, რომელსაც სიტყვებით ვერასდროს აღვწერ. იმ მომენტში განცდილ ბედნიერებასა და ემოციას ვერაფერს შევადარებ. ეს იყო ჩემთვის სტიმული, რომელმაც მომავალში მეტის კეთების სურვილი და შესაძლებლობა გამიჩინა. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მარჯვენა და მარცხენა მკლავით შეჯიბრში რვა მედალი მაქვს აღებული. 2019 წლის 13 მაისს ვიყავი საბერძნეთში, პარალიმპიადაზე, საიდანაც ასევე მედლები ჩამოვიტანე.
© photo: courtesy of Marine Futkaradzeმარი ფუტკარაძე
მარი ფუტკარაძე
- ცხოვრებაში ვისი მადლიერი ხართ?
- გაწეული შრომისთვის მადლობას ვუხდი ბათუმის სპორტის დეპარტამენტს, მკლავჭიდის ფედერაციის წევრებსა და პირადად ჩემ მწვრთნელს თემურ ლიპარტაშვილს. მასთან ერთად ორ სავარჯიშო დარბაზში დღეში 4–5 საათი ვვარჯიშობ ხოლმე. ძალიან გამიმართლა, რადგან ამაში დამეხმარა ბათუმის მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი გოჩა შავაძე, რომელსაც ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველაფრისთვის, რასაც მივაღწიე. ჩემი მიღწევები მაძლიერებს და ბედნიერებას მანიჭებს.
- რაზე ოცნებობთ?
- მინდა სპორტული კარიერა წარმატებით განვაგრძო. მჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება და გვერდში დგომა, რაც ყველა დამწყებ სპორტსმენს სჭირდება. ვოცნებობ, მქონდეს საკუთარი სპორტ-კლუბი, სადაც შევძლებ ბავშვებს სპორტის ეს სახეობა შევასწავლო და მაშინ შანსი მომეცემა, რომ ჩემნაირ ადამიანებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.
ნინო მამულაშვილი