ქართველად რომ დარჩე უცხოეთში და ჟანგბადის ერთი ყლუპი სამშობლოში ჩასულისთვის

© courtesy of Tengiz Shautidzeთენგიზ შაუთიძე
თენგიზ შაუთიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
გამოწერა
„საკუთარ თავს აღმზრდელ პედაგოგად ვთვლი. კარგად ვიცი, რომ ბავშვისგან, რომელიც შენთან მოდის, კარგი პიროვნება და თითით საჩვენებელი ადამიანი უნდა გამოძერწო“. ეს სიტყვები ნიუ-იორკში მცხოვრებ თენგიზ შაუთიძეს ეკუთვნის. მასალაში მის ქართულ საქმიანობაზე მოგითხრობთ.
საქართველოში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა. 70-იან წლებში პრაღისა და ბრატისლავის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი გახდა. 1976 წლიდან საქართველოში დაწყებული პედაგოგიური საქმიანობა ამერიკაში გააგრძელა. ნიუ-იორკში ქართული სიმღერა ბევრი ემიგრანტის ბავშვს შეასწავლა და შეაყვარა. მისი მოსწავლეები წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და ზამთარში მანჰეტენის საოპერო დარბაზში საჩვენებელ კონცერტებს აწყობენ.
© photo: courtesy of Tengiz Shhautidzeთენგიზ შაუთიძე
თენგიზ შაუთიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2023
თენგიზ შაუთიძე
- ბატონო თენგიზ, მუსიკალურ სამყაროს როდის ეზიარეთ პირველად?
- ექვსი წლის ასაკში შევედი მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოს კლასის განხრით და მას მერე მუსიკის ულამაზეს სამყაროში ჩავიძირე. ბავშვობა ბებიასთან, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში გავატარე. ბებია თაბუკაშვილის ქალი იყო. ექვსი ძმა და ერთი და ჰყავდა. ყველა მათგანი კარგად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე. მე ვფიქრობ, ჩემი მუსიკალური ნიჭის განვითარება ამან განაპირობა.
- რომელია სიმღერა, რომელიც მშობლიურ გრძნობებს აღვიძებს თქვენში?
- როცა ვუფიქრდები, იმ წარსული 60-იანი წლებიდან მახსენდება ერთი სიმღერა "იმერეთში თუ გინახავს გაზაფხული". მის მიმართ მშობლიური დამოკიდებულება მაქვს, რადგან ეს იყო ჩემი პირველი სახალხოდ შესრულებული სიმღერა თაბუკაშვილების დიდ ოჯახში. სხვათა შორის, იმ დროიდან მყარად დავიმკვიდრე ჩემი ადგილი სიმღერის პირველ ხმაში.
© photo: courtesy of Tengiz Shautidzeთენგიზ შაუთიძე და ცუცა კაპანაძე
თენგიზ შაუთიძე დაცუცა კაპანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2023
თენგიზ შაუთიძე და ცუცა კაპანაძე
- ამერიკაში როგორ დაიმკვიდრეთ თავი?
- ამ ქვეყანაში რთული იყო თავის დამკვიდრება. აქ ჯერ მზარეულის თანაშემწედ მოვეწყვე, ექვს თვეში ვცადე ქართული კერძები მომემზადებინა და გამიხარდა, როცა ძალიან მოეწონათ. მზარეულად დამაწინაურეს, მაგრამ მზარეულობა არ იყო ჩემი საქმე. როცა ენა ცოტათი შევისწავლე, მშენებლობაზე გადავერთე და ელექტრიკოსის პროფესია შევისწავლე. ეს საქმე მშვენივრად გამომივიდა და დღემდე ჩემი შემოსავლის წყაროა.
- ხელოვნებაზე უარი არასოდეს გითქვამთ...
- დიახ, ხელოვნებაზე უარი არასოდეს მითქვამს. 1999 წლის იანვარში, აქ ჩამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ პედაგოგიური მოღვაწეობა დავიწყე და დღემდე აქ მცხოვრები ბევრი ქართველის შვილი მყავს გაზრდილი. პედაგოგობა ჩემი შემოსავლის წყარო არ არის, ეს ჩემი სულიერი მოთხოვნილებაა. პედაგოგიური საქმიანობა ამერიკაში დავიწყე და ემიგრანტების შვილებს ვასწავლი. პირველად მხოლოდ ორი ქართველი ბავშვი მყავდა. დღემდე რამდენი ბავშვი მყავს გამოზრდილი, ვერ გეტყვით, ბევრი. იმ დროისათვის არსებობდა ქართული სტუდიო Dancing crane (დღეს უკვე „ქართული სახლი“), რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ვიქტორ სირელსონი, კაცი, რომელიც ქართული ხელოვნებით სუნთქავს. ქართველების გარდა ამერიკელი ბავშვებიც გვყავს, მაგრამ ძირითადად ქართველ ბავშვებზე გვაქვს აქცენტი.
© photo: courtesy of Tengiz Shautidze თენგიზ შაუთიძე სცენაზე
 თენგიზ შაუთიძე სცენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2023
თენგიზ შაუთიძე სცენაზე
- ძნელია ამერიკაში ბავშვები ქართველად აღზარდო?
- აქ მოსულ ბავშვებს ქართული ტრადიციების, ქართული ფესვების სიყვარული რომ ასწავლო და შეაყვარო, ძალიან რთულია ქვეყანაში, სადაც რასისა და მენტალობის მიხედვით არ ანსხვავებენ ადამიანებს. აქ ყველა ამერიკელია, მორჩა და გათავდა! ამიტომ მშობლებმა და პედაგოგებმა თუ შვილებს არ გააცნეს და შეაყვარეს საიდან მოდიან და რა სიმდიდრეს ფლობენ, ისინი ისე აითქვიფებიან აქაურ ყოფაში, რომ ქართული მარტო სახელი და გვარი შერჩებათ. თუმცა ზოგჯერ ამასაც იცვლიან და, ჩვენდა სამწუხაროდ, ამის მაგალითიც ბევრია. ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი ბავშვი გვყავდეს და ბევრი კარგი ქართველი გავზარდოთ.
- რას ურჩევთ ხოლმე თქვენი მოსწავლეების მშობლებს?
- მე ყველა მშობელს მოვუწოდებ, რომ ყოველ ზაფხულს ყველაფერი მოიკლონ, მაგრამ ბავშვი დასასვენებლად საქართველოში აუცილებლად გაუშვან. იქ ჩასვლა მათთვის მშობლიური ჰაერის, ჟანგბადის ერთი ყლუპია. ჩემი ყოფილი მოსწავლეები, მართალია, დღეს ძალიან დაკავებული არიან, მაგრამ ქართული სიმღერისთვის დროს მაინც პოულობენ. აქ სწორედ ეს მაცოცხლებს. ვთვლი, რომ ბედნიერი ვარ, რადგან უფალმა ჩემს კოლეგებთან ერთად ასეთი დიდი მისია მეც დამაკისრა.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0