ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში მომუშავე ქართველ მაშველებს შეხვდა

  - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
გამოწერა
საქართველო თურქეთს ტრაგედიის პირველივე დღიდან ეხმარება მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრაში.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თურქეთში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა და ქართველ მაშველებს შეხვდა, რომლებიც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართული.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 43,5 ათასზე მეტი ადამიანი. დაზარალებულ 11 პროვინციაში 118 ათასზე მეტი შენობა დაინგრა ან გამოცხადდა ავარიულად და მათი დანგრევა მოხდება.
მთავრობის მეთაურთან ერთად მაშველებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შეხვდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა მაშველებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემი მთავარი გზავნილი თურქი ხალხის მიმართ იყო და არის შემდეგი: საქართველო და ქართველი ხალხი დგას თურქეთის და თურქი ხალხის გვერდით. მე გუშინ ეს გზავნილი და ჩემი სამძიმარი გადავეცი პრეზიდენტ ერდოღანს, რომელსაც დავუდასტურე ჩვენი მხარდაჭერა, გამოვხატე ჩვენი სოლიდარობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართველმა მაშველებმა სამი ადამიანის გადარჩენა და მათი ნანგრევებიდან ამოყვანა შეძლეს, სამწუხაროდ, ნანგრევებიდან ასევე 80-ზე მეტი გარდაცვლილი ამოიყვანეს.
„მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს, სამაშველო სამსახურს, მის ხელმძღვანელობას... ყველას, ვინც ჩართული იყო სამაშველო ღონისძიებებში. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ბატონი ერდოღანის ლიდერობით თურქი ხალხი ამ განსაცდელს დაძლევს და კიდევ უფრო ძლიერი გამოვა ამ პრობლემიდან“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველო თურქეთს ტრაგედიის პირველივე დღიდან ეხმარება – იმავე დღეს საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში 60 ადამიანისგან შემდგარი პირველი სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა. 8 თებერვალს მათ კიდევ 40 მაშველი დაემატა. ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან არაერთი ადამიანი ამოიყვანეს.
გარდა ამისა, საქართველოდან თურქეთში 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა.
საქართველოს მთავრობამ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მლნ ლარი 10 თებერვალს გამოყო. აღნიშნული თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაერიცხა, რომელმაც მიწისძვრით დაზარალებული თურქეთის მოსახლეობისთვის მედიკამენტები და პირველადი საჭიროების ნივთები შეიძინა. დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი ცალკე საქართველოს პარლამენტმაც შეაგროვა.
ორშაბათს, 20 თებერვალს პრეზიდენტმა ერდოღანმა პირადად გადაუხადა მადლობა თურქეთში სხვადასხვა ქვეყნებიდან მობილიზებულ სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში არიან ჩართული, მათ შორის, ქართველ მაშველებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0