„მუსიკას ბავშვობიდანვე სერიოზულად ვუდგებოდი“ - ქართველი პიანისტის წარმატება ვენაში

© courtesy of Mariam Vardzelashviliმარიამ ვარძელაშვილი
მარიამ ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
გამოწერა
„ჩემთვის ყველაზე საზეიმო მომენტები ბავშვობაში ორკესტრთან დაკვრა იყო“... მას შემდეგ წლები გავიდა და დღეს პიანისტი მარიამ ვარძელაშვილი ვენაში ცხოვრობს, მისი საფორტეპიანო ტრიო კი, რომელიც თავად დააარსა, მსოფლიოს დიდ სცენებზე გამოდის და საკმაოდ პოპულარულია.
მანამდე ნიჭიერთა ათწლედში ისწავლა. ოცი წლის ასაკში გადავიდა ამერიკაში, სადაც ბოულინგ-გრინში ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დაამთავრა. პარიზის ვერსალის კონსერვატორიის მერე ორწლიანი მაგისტრატურა ვენის კონსერვატორიაში გაიარა. ქართველი პიანისტის მუსიკალური საქმიანობა არაიშვიათად საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებს.
© მარიამ ვარძელაშვილიმარიამ ვარძელაშვილი
მარიამ ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
მარიამ ვარძელაშვილი
- ქალბატონო მარიამ, პირველი ნაბიჯები გაიხსენეთ, როდის შედგა თქვენი დებიუტი?
- ცხრა წლის ვიყავი, როცა ჩემი დებიუტი შედგა. მაშინ საქართველოს ტელე-რადიო ორკესტრთან ერთად დავუკარი. თბილისის მუსიკალური ათწლედის შემდეგ კონსერვატორიაში პედაგოგ ნინო ქათამაძის კლასში ვსწავლობდი. თბილისის ნიჭიერთა ათწლედში სიტუაცია იმდენად ინტენსიური იყო და მაღალ პროფესიულ დონეზე დაყენებული, ადრეული ასაკიდანვე იცოდა ყველამ, რომ მუსიკოსი უნდა გამხდარიყო, მათ რიცხვში მეც ვიყავი. ასეც მოხდა: ჩემი კლასელების 80% მუსიკოსი გახდა. მუსიკას ბავშვობიდანვე ძალიან სერიოზულად ვუდგებოდი. გამოცდილი პედაგოგების ხელში ძალიან კარგი ხარისხის განათლება მივიღე. ამ ხალხმა საფუძვლიანი განათლება მოგვცა. შემდეგ უკვე კონსერვატორიაში და მაგისტრატურაში სწავლის წლებში ძალიან კარგად მომზადებული ვიყავი.
© მარიამ ვარძელაშვილიმარიამ ვარძელაშვილი
მარიამ ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
მარიამ ვარძელაშვილი
- ორკესტრთან ერთად გამოსვლა როდის დაიწყეთ?
- როცა ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი, ცხრა წლის ასაკიდან ორკესტრთან ერთად გამოვდიოდი. ამას ყოველ სემესტრში ვაკეთებდით. ძირითადად ეს იყო ორკესტრი ბატონი რეზო ტაკიძის დირიჟორობით. პირველი ორკესტრი კი, რომელთანაც დავუკარი ტელევიზიისა და რადიოს ორკესტრი იყო, რომელიც დღეს, თუ არ ვცდები, აღარ არსებობს.
© მარიამ ვარძელაშვილის პირადი არქივიმარიამ ვარძელაშვილი
მარიამ ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
მარიამ ვარძელაშვილი
- ამერიკაში როგორ აღმოჩნდით?
- ამერიკაში ჩემი ერთ-ერთი მეგობარი და ძალიან კარგი პიანისტი თამთა მიქელაძე იყო. მან მითხრა, რომ იყო შესაძლებლობა სასწავლებლად ამერიკაში წავსულიყავი და ასეც მოხდა. ამერიკაში ვსწავლობდი მაქსიმ მოგილევსკისთან, შემდეგ – ლორა მელტონთან, რომელიც ამერიკის მუსიკის საფორტეპიანო შემსრულებლების პედაგოგთა ნაციონალური ასოციაციის პრეზიდენტია. ძალიან საინტერესო პიროვნება და ქალბატონია. ჩვენი სასწავლებელი დეტროიტთან ახლოს მდებარეობდა და იქ სამი წელი ვისწავლე. იმ რეგიონში ძალიან განვითარებულია კლასიკური მუსიკა და შესაძლებელი იყო ძალიან მაღალი დონის მუსიკოსების კონცერტებზე სიარული. იმ პერიოდში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. იქ სწავლის წლები ძალიან ინტენსიური, ძალიან საინტერესო და დამღლელიც იყო. დამღლელი იმ თვალსაზრისით, რომ ყველა საგანში, რაც კი მევალებოდა, ძალიან ბევრი ნაშრომის წერა მიწევდა.
© მარიამ ვარძელაშვილის პირადი არქივიმარიამ ვარძელაშვილი
მარიამ ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
მარიამ ვარძელაშვილი
- შემდეგ იყო პარიზის კონსერვატორია...
- ორი წელი პარიზში, ვერსალის და ბულონის კონსერვატორიაში ვსწავლობდი. იქ სწავლა ამერიკისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო. მართალია, პარიზში მუსიკა, სახვითი ხელოვნებისგან განსხვავებით, ნაკლებად პრიორიტეტულია, მაგრამ აქ მაინც უამრავი რამ ხდება, უამრავი საინტერესო მუსიკოსის კონცერტი და შეხვედრა ტარდება. ამ მხრივ იქ გატარებული წლებითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს იყო განსხვავებულ ეტაპზე გადასვლა. მთლიანობაში პარიზში სწავლაც და ცხოვრებაც ხელოვანისთვის ძალიან საინტერესოა.
© მარიამ ვარძელაშვილის პირადი არქივიმარიამ ვარძელაშვილი
მარიამ ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
მარიამ ვარძელაშვილი
- ბოლო წლები ვენაში ცხოვრობთ, საფორტეპიანო ტრიო როგორ შექმენით?
- როცა უკვე გადავწყვიტე საფორტეპიანო ტრიო დამეარსებინა, ეს ძალიან მარტივად მოხდა – მოვძებნე მუსიკოსები. მევიოლინე უკრაინელია – ვირა ჟუკი, რომელიც უკვე დიდი ხანია ავსტრიაშია, ჩელისტი – სერბი ნემანია სტანკოვიჩია, რომელიც ბელგრადის სიმფონიური ორკესტრის მთავარი ჩელისტია და ძალიან საინტერესო მუსიკოსი. მათთან ერთად ვენაში ბევრს ვუკრავთ. 2016 წელს გამოვიდა Trio Immersio-ს სადებიუტო დისკი. ალბომი ვენური ჟანრის განვითარების ისტორიას მიეძღვნა. ეს არის მოგზაურობა დროსა და სივრცეში. დისკი იწყება ამ ჟანრის ფუძემდებლის ჰაიდნის კლასიკური ნაწარმოებით, შემდეგ მოდიან შუბერტი, ბრამსი და ამას მოჰყვება ნახტომი 21-ე საუკუნეში – თანამედროვე ავსტრიელი კომპოზიტორის ბერნარდ განდერის ექვსი მინიატურა, მძიმე მეტალი.
- რა გენატრებათ ყველაზე მეტად?
- ძალიან მენატრება თბილისი და ვცდილობ, რომ ხშირად და მაქსიმალურად დიდი ხნით ჩამოვიდე ხოლმე. ჩემი ქალაქის განსაკუთრებული ატმოსფერო მენატრება. ჩემი ახლობლები, რომელთა ქებაც ყველაზე ძალიან მახარებს. ყველა ჩემიანი თბილისშია და დღე არ გადის, რომ მათთან ვირტუალური ურთიერთობა არ მქონდეს...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0