„ქართული ოცნების" ლიდერმა რადიკალურ ისლამიზმთან დაკავშირებით კრიტიკას უპასუხა

© courtesy of Mamuka Mdinaradzeმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
გამოწერა
საქართველოს პარლამენტში განიხილავენ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. რადიკალური ისლამიზმის დაფინანსების საფრთხებზე საუბრის გამო ბოდიშის მოხდის მოთხოვნა არის რადიკალიზმის ყველა ფორმის წახალისება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ ხუთშაბათს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ფრაქციის ლიდერი მამუკა მდინარაძე დაადანაშაულა მუსლიმების შეურაცხყოფაში, სიძულვილის გაღვივებაში და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, რადგან მან კანონპროექტის განხილვისას კითხვა დასვა, თუ რატომ არავინ საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში რადიკალური ისლამიზმის მიმდევრები ფინანსდებიან.

„რადიკალური ისლამიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრის გამო ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, უნიჭო პიარული სვლისა და ძალიან სახიფათო პროვოკაციის გარდა, არის რადიკალიზმის ყველა ფორმის, განსაკუთრებით, რელიგიური რადიკალიზმის წახალისება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მუსლიმების ხსენება ფრაზასთან „რადიკალური ისლამიზმი“ საქართველოში მცხოვრები ისლამის მიმდევრების შეურაცხყოფაა.
დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ „მუსლიმების შეურაცხყოფისთვის“ ბოდიშის მოხდა მოითხოვა>>>
„რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს, ჩვენს დებს და ძმებს, სწორედ მათი და ჩვენი საუკუნოვანი თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემის უმძიმესი შეურაცხყოფაა „რადიკალური ისლამიზმის” ხსენებისას ამ ფრაზის მუსლიმებთან დაკავშირება და მათთან ასოცირების მცდელობა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძე კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვის კონტექსტში ახსენა რადიკალური ისლამიზმის დაფინანსების საფრთხე.
კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტად შეიძლება ჩაითვალოს ის იურიდიული პირი, რომელიც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროდან იღებს.
პროექტი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ არის ინიცირებული. აღნიშნული პოლიტიკური ძალა, რომელიც ანტიდასავლური პოზიციებითაა ცნობილი, დააფუძნეს დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია 2022 წლის აგვისტოში დატოვეს.
ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნამოქმედარია, რომელსაც „რუსული კანონით“ არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლება სურს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი საქართველოს აახლოებს არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან.
კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ" - მთავარი თეზისები>>>
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.
მას შემდეგ, რაც კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა, „ხალხის ძალამ“ ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირებაც გადაწყვიტა – „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგი იქნება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია დეტალურად განიხილავს „უცხოურ აგენტებზე“ ორივე კანონპროექტს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელს დაუჭიროს მხარი. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში მოქმედებს ანალოგიური, არაადეკვატურად მკაცრი კანონი, და ამგვარი კანონის მიღება პარტიაში არასწორად მიაჩნიათ.
ყველა ახალი ამბავი
0