იბრძოლებს თუ არა ოპოზიცია საქართველოს პარლამენტში ვაკანტური ადგილისთვის?

© Sputnik / STRINGERპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
გამოწერა
მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მისი კანდიდატები გაიმარჯვებენ.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. წამყვანი ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა პარლამენტის შუალედურ და ცაგერსა და თერჯოლაში მერების რიგგარეშე არჩევნებზე დამკვირვებლის როლი ამჯობინა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საქართველოს პარლამენტში შუალედური არჩევნები და მუნიციპალურ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნები 29 აპრილს გაიმართება. 164 უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული.
საქართველოს პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირაკლი ხახუბია გარდაიცვალა. ახლა ამ მანდატისთვის მისი შვილი გიორგი ხახუბია იბრძოლებს. მისი კანდიდატურა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა.
ცაგერის მერის პოსტზე „ოცნებამ“ ლევან ზალკალიანის კანდიდატურა წარადგინა, თერჯოლის მერად კი მანუჩარ რობაქიძის კანდიდატურა.

„პირადად ჩემი აზრია, რომ პარტიამ ნებისმიერ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, არსებობს გარკვეული გარემოება, რომელთა გათვალისწინებითაც გვიწევს რაღაც საკითხებისთვის ანგარიშის გაწევა”, – განაცხადა ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან.

პარტიაში რამდენიმე თვეა ორ ბანაკს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. დღეისათვის მთავარი სადავო თემა პარლამენტის ბოიკოტია, რისი მიზეზიც გახდა სასამართლოს მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე უარი.
უკვე ცნობილია, რომ არჩევნებში საკუთარი კანდიდატების დასახელებას არ გეგმავს ოპოზიციური პარტია “მოქალაქეები”.
„ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა ვნახოთ როგორ იმუშავებს ეს ახალი სისტემა. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ჩვენ არ გვეყოლება კანდიდატები და მოვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხდა ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.
შუალედური არჩევნები: „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატები დაასახელა>>>
29 აპრილს დაგეგმილ არჩევნებში საკუთარი კანდიდატები არ ეყოლება არც პარტია „გირჩს”. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა რესურსების არარსებობა დაასახელა.
„ჩვენ დიდი ინტერესით დავაკვირდებით პროცესს, რადგანაც ელექტრონული დათვლის სისტემები, რაც იქნება ინტეგრირებული, სერიოზული ტესტი იქნება წინასაარჩევნოდ… თუ ამ შემთხვევაში ყველაფერმა კარგად ჩაიარა, შეიძლება იმედი გვქონდეს, რომ 2024 წელს რაიმე პრობლემა არ გვექნება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
არჩევნების ელექტრონული სისტემის დანერგვა დადებითად შეაფასა ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა, თუმცა არ გამორიცხა „ქართული ოცნების” მხრიდან მანიპულაციები.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, დაუშვილმა აღნიშნა, რომ ეს „მორალურად არასწორი” იქნებოდა.
შუალედური საპარლამენტო არჩევნები და ცაგერისა და თერჯოლის მერების რიგგარეშე არჩევნები 164 უბანზე ჩატარდება. ამ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები გამოყენებული იქნება ამომრჩევლების ვერიფიკაციის, ასევე კენჭისყრის პროცესისა და ხმების დათვლისთვის 117 საარჩევნო უბანზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ამომრჩევლების 91%-ს მოიცავს.
იმ 47 უბანზე, სადაც ჩვეული ურნები იქნება გამოყენებული, ბიულეტენები გაციფრულდება და გამოქვეყნდება.
ცაგერის რაიონის მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2022 წლის ნოემბერში გიორგი ნემსაძემ თანამდებობა პირადი მიზეზების გამო დატოვა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პოსტი კი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლაშა გოგიაშვილი 2022 წლის ოქტომბერში ავარიაში დაიღუპა.
ყველა ახალი ამბავი
0