ვინ რას ტირის და ვისი ცრემლების დაიჯერა მთავრობამ?

© photo: Sputnik / Stringerმაჩვენებლები კოტე აფხაზის ქუჩაზე
მაჩვენებლები კოტე აფხაზის ქუჩაზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2023
გამოწერა
ქვეყნის ეკონომიკა დუღს, თუმცა მოსახლეობა უკმაყოფილოა. რამ განაპირობა შეუსაბამობა?
დიდი დრო არ გასულა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. ახალი წლის მეორე თვის მეორე დღეს კონკრეტული ციფრები თავად კვლევის დამკვეთებმა გაგვაცნეს.
კვლევა გასული წლის 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა და მონაცემები პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა გამოკითხვით შეგროვდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2519 მოქალაქე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,6 პროცენტია. შესაძლოა მკითხველმა მიმითითოს, რომ ეს ამბავი მისთვის უკვე ცნობილია და სიახლეს ელოდება. რეპლიკას გავიზიარებ. აქვე დავძენ, რომ წინამდებარე სტატიაში არ ვაპირებ კვლევის შედეგების სრულად წარმოდგენას. რამდენიმე მონაცემს შეგახსენებთ და მათ საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებთან მიმართებაში მიმოვიხილავ. და, კიდევ, რაღა თქმა უნდა, არც პრემიერ-მინისტრის ბოლო ინიციატივა დარჩება უყურადღებოდ. თანმიმდევრულად მივყვეთ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2023
რატომ დარჩა უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი?
დარწმუნებული ვარ, მკითხველი მოელის, რომ კვლევის მხოლოდ ეკონომიკურ ნაწილზე შევჩერდები. ასეც არის. არ ვიცი, ვის რისი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, კვლევის შედეგებით გაირკვა, რომ მოქალაქეთა უმეტესობა ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს. 48 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, 44 პროცენტი კი ეკონომიკის მდგომარეობას საშუალო შეფასებას აძლევს. არიან ისეთებიც, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კარგია, ასეთი სულ 6 პროცენტია.
საგულისხმოა, რომ გასული წლის აგვისტოს კვლევის შედეგებთან შედარებით, ამჯერად NDI-ს კვლევაში „ცუდი“ შეფასების მაჩვენებელი 55 პროცენტიდან 48 პროცენტამდე შემცირდა. ეკონომიკის ძირითად გამოწვევებად რესპონდენტებმა უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი ხელფასები დაასახელეს. ყოველი მეხუთე რესპონდენტის თქმით, უმუშევარია. გამოკითხულთა 43 პროცენტი აცხადებს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია. თუმცა ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 18 პროცენტს საკვებზე ფული არ ჰყოფნის. რესპონდენტთა კიდევ 35 პროცენტს, მართალია, თანხა საკვებზე ჰყოფნის, მაგრამ ფინანსები ტანსაცმელისთვის არ რჩება. გამოკითხულთა 36 პროცენტი აცხადებს, რომ თანხა საკვებზე და ტანსაცმელზეც ჰყოფნის, მაგრამ არ აქვს საშუალება, შეიძინოს ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიც არის, მაგალითად, მაცივარი ან სარეცხი მანქანა. რესპონდენტთა 7 პროცენტს შეუძლია იკვებოს, შეიმოსოს და თან ძვირადღირებული მაცივარი ან სარეცხი მანქანა შეიძინოს. ერთი სიტყვით, კვლევის მიხედვით, ჩვენში თითქმის ყველა ტირის, ზოგი − უპურობას და ზოგიც − უშუბობას... მძიმე, მაგრამ სწორი მიგნებაა, არა? სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, გამოკითხულთა 2 პროცენტს, წესით, სატირალი არაფერი აქვს. მათი თქმით, ისინი ყველაფრის შეძენას ახერხებენ, რაც სჭირდებათ, თუმცა ვინ იცის, ეგებ, ესეც სატირალია.
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2023
არის თუ არა ახალი რეკორდი? ანუ რას ითვლიან საბანკო სექტორში
წინ გავიხედოთ. რაც შეეხება პერსპექტივას, გამოკითხულთა უმრავლესობის ვარაუდით, მთავრობა ეკონომიკურ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება. რესპოდენტთა 37 პროცენტი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებს. კიდევ 51 პროცენტი ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, მთავრობამ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მოახერხოს.
ყველა აქამდე მოყვანილი მონაცემების გათვალისწინებით, მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ ყოველი მეხუთე გამოკითხული საზღვარგარეთ ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.
სხვისი არ ვიცი, მე კი კვლევის შედეგები არ გამკვირვებია. უკვე მრავალი წელია ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია. რა თქმა უნდა, ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა ჯერ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და შემდეგ უკვე რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების გამო საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასების მატებითა თუ სატრანსპორტო გადაზიდვების გაძვირებით.
ამავე დროს კვლევის შედეგები აშკარად არ შეესაბამება ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის ბოლო პერიოდის მაჩვენებლებს. ფაქტია, ზედიზედ ორი წელია, რაც ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. ეროვნული ვალუტა, მართალია, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, მაგრამ მყარდება და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თანამედროვე მსოფლიოს გლობალური გამოწვევა – მზარდი ინფლაცია ჩვენში უკვე გასული წლის დეკემბერში ჩამოსცდა ორნიშნა მაჩვენებელს და 9,8 პროცენტი, ხოლო იანვარში 9,4 პროცენტი შეადგინა. როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები, ისე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ინფლაცია თანდათან კიდევ უფრო დაიკლებს და მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. ხოლო ქვეყანა კვლავაც შეძლებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას. ასევე პოზიტიურია საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტების პროგნოზებიც.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
რაზე მიანიშნებს ინფლაციის ნიშნული?
საინტერესოა, რამ განაპირობა კვლევის შედეგებისა და ბოლო პერიოდის მონაცემების ეს შეუსაბამობა? აკადემიურ წრეებში აცხადებენ, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ჯიბეზე ჯერ არ ასახულა და კვლევაში გამოხატული მათი უკმაყოფილების მიზეზიც სწორედ ეს არის. ნათქვამს არაფერს დავძენ, ამ მოსაზრებას სრულად გავიზიარებ და კიდევ ერთხელ მივანიშნებ ამავე კვლევის იმ ნაწილზე, სადაც ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის უარყოფითად შეფასების მაჩვენებელი, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, დეკემბერში 7 პროცენტით შემცირდა.
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიანიშნებს, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი არ არის, რასაც მოსახლეობა კარგად აცნობიერებს. მათივე თქმით, გასულ წელს არც ეკონომიკის სტრუქტურა შეცვლილა და არც რაიმე განსაკუთრებული ტექნიკური პროგრესი გვქონია. რასაც ადრე ვაკეთებდით, იგივე კეთდებოდა.
„ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება რომ იყოს, მთავრობამ ან ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან ეკონომიკური რეფორმები განახორციელოს, რასაც ასეთი სწრაფი შედეგი არ ექნება. ასე რომ, გასულ წელს დაფიქსირებულ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არაფერ შუაშია. ეს ზრდა განაპირობა COVID-19-ის პანდემიის შემდგომმა პერიოდმა, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო. ამას დაემატა რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის გამო მიგრაციული ნაკადის ზრდა, კერძოდ, ქვეყანაში რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლა. შედეგად, უპრეცედენტოდ გაიზარდა ფულადი გზავნილები. სწორედ ეს არის ძირითადი ფაქტორი, რამაც ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი განაპირობა“, − აცხადებს ანალიტიკოსი აკაკი ცომაია.
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
რატომ? ეკონომიკა ხომ დუღს?!
წინამდებარე სტატიის თემატიკიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რამდენჯერმე ვახსენეთ ქვეყნის მთავრობა. ვერ გეტყვით, NDI-ს კვლევის შედეგებთან პირდაპირი კავშირი აქვს თუ არა მთავრობის თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთ ინიციატივას, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობის განწყობების გასაჯაროებიდან მეხუთე დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორები გააკრიტიკა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს იმპორტისას არსებული, მისი შეფასებით, მაღალი ფასნამატის შესწავლა დაავალა დარგის წარმომადგენლებთან ერთად.
„არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება. რამდენიმე კვირის წინ კონკურენციის სააგენტოს სურსათის პროდუქციის ფასების შესწავლა დავავალე. მაინტერესებდა რამდენად კეთილსინდისიერად და გონივრული მარჟებით მუშაობდნენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც შემაშფოთებელი იყო. მინდა წარმოგიდგინოთ პირველადი მოკვლევის შედეგები. მაგალითად: ბრინჯის, მაკარონის, წიწიბურას, შაქრის, ზეთისა თუ მარილის საბითუმო ფასებზე ნამატი არის, შესაბამისად, 50 პროცენტის, 70 პროცენტის, 60 პროცენტის, 80 პროცენტის ფარგლებში. ამას საცალო ვაჭრობის ნამატიც, მინიმუმ 20-25 პროცენტი ემატება და, შედეგად, ჩვენს მოსახლეობას აღნიშნული პროდუქტების შეძენა 100 პროცენტის ფასნამატით უწევს, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, − აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. პრემიერ-მინისტრმა ლევან დავითაშვილს, ლაშა ხუციშვილსა და ოთარ შამუგიას სურსათის იმპორტიორების საკითხის შესწავლისა და დასკვნების მოსამზადებლად ორკვირიანი პერიოდი მისცა.
რა თქმა უნდა, მთავრობის თავმჯდომარის სიტყვებს აკადემიურ წრეებში შეფასებები უკვე მოჰყვა. არის აზრთა სხვადასხვაობა. ერთი ნაწილი შიშობს – ქვეყანა გეგმიურ ეკონომიკას ხომ არ უბრუნდება?! მეორე ნაწილის შეფასებით, თავისუფალი, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები მოსახლეობის გაყვლეფას არ გულისხმობს და სახელმწიფოს გარკვეული დოზით რეგულირების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდები, როდესაც ჩართული წამზომი გაჩერდება და მთავრობის თავმჯდომარის დავალების თანახმად დასკვნა მომზადდება. მანამდე კი აქ დავსვამ წერტილს.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0