კინომცოდნე რომელიც თოჯინურ პერსონაჟებს ქმნის და მისი „დედა-შვილობანა“ გოგონებისთვის
15:14 23.02.2023 (განახლებულია: 12:43 28.02.2023)
© courtesy of Nino Dolidzeნინო დოლიძე
© courtesy of Nino Dolidze
გამოწერა
ცხოვრებაში დგება დრო, როცა რეალობა გიბიძგებს პროფესიისგან განსხვავებული საქმიანობისკენ, რომელიც შენი შორეული ოცნების გამოძახილია. ზუსტად ისე, როგორც ეს კინომცოდნე ნინო დოლიძის შემთხვევაში მოხდა.
თუმცა ამჟამად საჯარო სამსახურშია, ეს სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ ძველი გატაცებისთვის დრო ვერ გამონახოს. მის გატაცებას კი, შეიძლება ითქვას, კინოსთან გარკვეული სიმბოლური კავშირი აქვს. ოღონდ, აქ, პერსონაჟებს საკუთარი ხელით ქმნის, საბავშვო თამაშობებს კი შემეცნებით-გასართობ ფორმას აძლევს. ამის გარდა, თოჯინების დიზაინერიც თავადაა და მათთვის მცირე ზომის აქსესუარებსაც თვითონ ქმნის.
© Nino Dolidzeნინო დოლიძე
ნინო დოლიძე
© Nino Dolidze
- ქალბატონო ნინო, თავის დროზე პროფესია ალბათ, კინოს სიყვარულით აირჩიეთ?
- ჩემი სპეციალობისგან მხოლოდ კინოს სიყვარული და სტუდენტობისდროინდელი მოგონებები შემომრჩა. დღეს საკუთარ თავს კინომცოდნეს ნამდვილად ვეღარ ვუწოდებ. თუმცა, კინოს ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი დღემდე უკავია. კარგი ფილმის ნახვა ახლაც ყველაზე დიდ ემოციას მგვრის. აქვე გეტყვით, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია „შინდლერის სია“, რომელიც ვთვლი, რომ ყველა დროის კლასიკაა.
© nino dolidzeნინო დოლიძის მელიები
ნინო დოლიძის მელიები
© nino dolidze
- ვფიქრობ, დღევანდელი თქვენი გატაცებაც გარკვეულად, პროფესიასთან კავშირშია...
- შეიძლება ასეც ითქვას, რადგან ყველა თოჯინას ფილმის პერსონაჟივით თავისი ისტორია აქვს. აი, მაგალითად, მელაკუდებს როცა ვკერავ, თან მათზე ამბებს ვიგონებ და მათი ჩაცმულობაც ასე იქმნება. აქვე ვიტყვი, რომ მელიების თარგი ჩემი არ არის, ინტერნეტიდან მაქვს აღებული.
- სამომავლოდ არ გიფიქრიათ თოჯინური ფილმის შექმნაზე?
- თოჯინურ ფილმზე ნამდვილად არ მიფიქრია. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როცა შემოუთავაზებიათ, რომ ჩემი თოჯინები ანიმაციურ პერსონაჟებად ან წიგნის ილუსტრაციებში გამოეყენებინათ.
© Facebook / Nino dolidzeნინო დოლიძის ხელნაკეთი თოჯინა
ნინო დოლიძის ხელნაკეთი თოჯინა
© Facebook / Nino dolidze
- პროტოტიპები თუ ჰყავთ მათ, ან რომელიმეს რეალურ ადამიანს თუ ამსგავსებენ?
- შედარებით ადრეული თოჯინები ჩემი ფანტაზიის ნაყოფია- ეს შეიძლება იყოს ქუჩაში მიმავალი ადამიანი, რომელიც ვერ გრძნობს, რომ ვიღაც აკვირდება და რაღაც ისტორიას უგონებს. ჩემი თოჯინები ძირითადად რეალური ადამიანების ფოტოს მიხედვით იქმნება. მათ ჩაცმულობა, ვარცხნილობა ისეთივე ან მათთან მიმსგავსებული აქვთ. როცა თოჯინები ფოტოს მიხედვით იკერება, ისინი მაქსიმალურად ემსგავსება რეალურ ადამიანს. ეს ალბათ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი საჩუქარია ნებისმიერი ადამიანისთვის, თანაც, ისინი კარგ განწყობას ქმნიან. თითოეულ მათგანს თავისი ხასიათი და ინდივიდუალიზმი აქვს.
© Facebook / Nino Dolidzeნინო დოლიძის ხელნაკეთი თოჯინა
ნინო დოლიძის ხელნაკეთი თოჯინა
© Facebook / Nino Dolidze
- პატარა ზომის აქსესუარებზე მუშაობა რთულია?
- დიახ, ასეთ პატარა აქსესუარებზე მუშაობა რთული, მაგრამ საინტერესოა. ჩემს თოჯინებს აქვთ: საათები, სამაჯურები, სათვალეები, ჩანთები... ეს ყველაფერი მათ განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის. აქსესუარის შექმნისას ნებისმიერი მასალა შეიძლება გამომადგეს და საბოლოოდ აბსოლუტურად სხვა სახე მიიღოს. აქვე გეტყვით, რომ ჩემი თოჯინები ნატურალური ქსოვილებით იკერება და მათი სახე ხელითაა მოქარგული.
© Facebook / Nino Dolidzeნინო დოლიძის გასართობი სათამაშო "დედაშვილობანა"
ნინო დოლიძის გასართობი სათამაშო "დედაშვილობანა"
© Facebook / Nino Dolidze
- მინდა ავღნიშნო თქვენი თოჯინა-გოგონების მოდური ჩაცმულობაც, მათი დიზაინერიც თქვენ ხართ?
- ყველა თოჯინას ჩაცმულობა ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მათთვის პაწაწინა ფეხსაცმელების კერვა მარტივი არაა, თუმცა, არც ისე ძალიან რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ალბათ, ხელი უკვე შეეჩვია და მათ დამზადებას იმდენი დრო აღარ მიაქვს, როგორც თავიდან ჭირდებოდა. ძალიან მიყვარს დეტალებზე დაკვირვება, ყველაზე უმნიშვნელო, სხვისთვის შეუმჩნეველმა დეტალმა შეიძლება თოჯინას საბოლოო ხასიათი შექმნას. ეს საქმე ჩემთვის იმდენად აზარტულია, რომ კერვის დროს ბევრჯერ თავზეც დამთენებია კიდეც.
© Facebook / Nino Dolidzeნინო დოლიძის ხელნაკეთი თოჯინა
ნინო დოლიძის ხელნაკეთი თოჯინა
© Facebook / Nino Dolidze
- თქვენი გაქვთ საავტორო გასართობი სათამაშო, რომელიც ფაქტობრივად, ქართული „ბარბის სახლია“...
- მე მას „დედა-შვილობანა“ დავარქვი და განსაკუთრებულად მიყვარს. ბავშვები ამით ძალიან კარგად ერთობიან და იქნებ, მომავალში ბარბის სახლივით ცნობადიც გახდეს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პატარებისთვის ისეთი სათამაშოს შეთავაზება, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა, თანაც, საინტერესო და შემეცნებითი ხასიათისაა. ესაა თოჯინები თავისი ყუთით, სადაც მათთვის საჭირო თეთრეული და ტანსაცმელია. თვითონ ყუთი საწოლის ფუნქციას ასრულებს და მას მოყვება შესაბამისი ზომის: ლეიბი, ბალიში, საბანი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ტანსაცმლის საკიდიც კი. ბავშვი ამ გზით ეჩვევა წესრიგს და იძენს იმ უნარ-ჩვევებს, რაც დიდ ცხოვრებაში გაყვება. სწავლობს: საწოლის ალაგება-დალაგებას, თეთრეულის დაგებას, ტანისამოსის ადგილზე მოთავსებას და ასე შემდეგ....
© Facebook / Nino Dolidzeნინო დოლიძის ხელნაკეთი თოჯინა
ნინო დოლიძის ხელნაკეთი თოჯინა
© Facebook / Nino Dolidze
- ბოლო დროს ავეჯის დაფერვითაც დაინტერესდით…
- ყველაფერი დაიწყო ერთი პატარა კარადით, რომელსაც თავისი ისტორია აქვს და ჩემთვის ძალიან ძვირფასია. როცა ჩემმა ბებიამ და ბაბუამ ოჯახი შექმნეს, ეს იყო პირველი ნივთი, რომელიც მათ სახლში დაბინავდა. მართალია, კარადა უკვე საკმაოდ შელახული იყო, მაგრამ მაინც ვერ შეველიე. საღებავის ფერებით ცოტა გავამხიარულე და ბავშვობის მოგონებად აგარაკზე დავიტოვე.
© Facebook / Nino Dolidzeნინო დოლიძის ხელნაკეთი თოჯინა
ნინო დოლიძის ხელნაკეთი თოჯინა
© Facebook / Nino Dolidze
- სამომავლოდ რაიმე თუ გაქვთ ჩაფიქრებული?
- საბედნიეროდ, იდეები არასოდეს მელევა, ამიტომ სამომავლოდ ძალიან მინდა, რომ მქონდეს საკუთარი სახელოსნო, სადაც საშუალება მექნება, მეთოჯინეობა სხვებსაც ვასწავლო. რაც მთავარია, ეს საქმე მათ ისე შევაყვარო, როგორც მე მიყვარს, შემდეგ კი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში დავეხმარო. მათი ცხოვრება კი ამ გზით ბევრად პოზიტიური და სასარგებლო გავხადო...