„სადაც უნდა ვიყო, ვცდილობ ქართული საქმე ვაკეთო“

© courtesy of Magda Kalandiaმაგდა კალანდია
მაგდა კალანდია - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2023
გამოწერა
„ვთვლი, რომ ერთი პატარა რომანის გმირი ვარ“ - გვითხრა ისრაელში მცხოვრებმა მაგდა კალანდიამ. უცხოეთში ჩასულს თავისი პროფესიისგან განსხვავაებული საქმიანობის დაწყება მოუწია.
საქართველოში უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სოხუმის სამედიცინო სასწავლებლის შემდეგ ჩააბარა. შემდეგ თეატრის სამყაროში აღმოჩნდა და სწავლა თეატრალურ სასწავლებელში განაგრძო.
ისრაელში პროფესიის შეცვლა მოუწია და კოსმეტოლოგიის სფეროში გადაინაცვლა. გამოდის, რომ დღესაც ნიღბებთან აქვს საქმე, ოღონდ არა სცენურ, სილამაზის ნიღბებთან. მისი დახმარებით იმ ქვეყანაში უკვე ბევრმა ისწავლა ქართული ენა და საქართველოც შეიყვარა.
© Photo: Courtesy of Magda Kalandiaკოსმეტოლოგის კაბინეტში
კოსმეტოლოგის კაბინეტში - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2023
კოსმეტოლოგის კაბინეტში
- ქალბატონო მაგდა, ემიგრაციაში ყოფნის დროს რა გახსენდებათ საქართველოდან ყველაზე კარგად?
- პირველ რიგში თეატრი მინდა გავიხსენო. ყველაზე ძვირფასი მოგონებები მაკავშირებს შავგულიძის თეატრთან, სადაც თითქმის დღემდე ვირიცხები. ჩემთვის იმ თეატრის სცენაზე შესრულებული ყველა როლი საყვარელია, მაგრამ განსაკუთრებით დეიდას როლი მენატრება ვოდევილში „დაწუნებული საშიში და“. სამწუხაროდ, ამ სპექტაკლიდან ორი ახალგაზრდა ტრაგიკულად გარდაიცვალა. როცა დავბრუნდები, მათი ხსოვნის პატივსაცემად შევეცდები, რომ ეს სპექტაკლი აღვადგინო. ისრაელში ქართულ დასში ვიყავი მოწვეული და პრემიერამდე დასის დამაარსებელი და მთავარი რეჟისორი დაგვეღუპა, რის მერეც დასი დაიშალა.
© Photo: Courtesy of Magda Kalandiaთეატრში მსახიობებთან ერთად
თეატრში მსახიობებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2023
თეატრში მსახიობებთან ერთად
- საკუთარ ცხოვრებისეულ „როლზე“ რას იტყვით?
- ვთვლი, რომ ერთი პატარა რომანის გმირი ვარ: პრობლემებს არასდროს ვნებდები და მათ სხვებსაც არ ვახვევ თავზე. ჩემი იუმორით ან ნებისმიერი სახით გვერდში დგომით ვცდილობ ჩემ გარშემო ყველა ბედნიერი იყოს. არც სიყვარული დამკლებია და არც ღალატი. დავამთავრე სოხუმის სამედიცინო სასწავლებელი, რის შემდეგაც უნივერსიტეტში იურიდიულზე ჩააბარე, მაგრამ იმ წელს მონაწილეობა მივიღე სახალხო თეატრის სპექტაკლში და ბატონ ზურაბ ნინუას დაჟინებული თხოვნით თეატრალურ სასწავლებელში გადავედი. შემდეგ იყო ფილარმონიასთან არსებული გიგი ჩხაიძის დასი და მალხაზ სამსონაძის მარიონეტების თეატრი.
© FB / Magda Kalandiaმაგდა კალანდია და გია კახელი
მაგდა კალანდია და გია კახელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2023
მაგდა კალანდია და გია კახელი
- ემიგრაციიდან როგორ აღიქვამთ სამშობლოს?
- ძალიან მენატრება სამშობლო. ემიგრაციიდან დანახული ჩემი ქვეყანა უფრო ლამაზია. ასევე უფრო მტკივნეულია ყველაფერი, რაც მას ეხება. შორიდან ყველაფერს სხვა ფასი აქვს და ყველაფერი ისეთი თბილი და სანატრელია. შორიდან უფრო მძაფრია შენი მიწის სიყვარული. ხშირად ვფიქრობ – რა სამშობლო გვქონია და როგორ ვერ ვპატრონობთ...
- დღეს ცხოვრობთ ისრაელში, სადაც ქალების სილამაზეზე ზრუნავთ...
- დიახ, სცენის შემდეგ კოსმეტოლოგიის სფეროში გადავინაცვლე, ანუ აქაც სილამაზეს ვემსახურები, ოღონდ არა სცენური სახეებით, არამედ კოსმეტოლოგიური ნიღბებით. ძალიან მიხარია, რომ რასაც ვაკეთებ, ასე აღიქმება. თუ დავთვლით, ცხრა წელი თეატრში ვიმუშავე, 27 წელი – კოსმეტოლოგიაში. ომმა და შექმნილმა სიტუაციამ ჩემს ცხოვრებასაც დაატყო გაჭირვების დაღი და ჩემს მეორე პროფესიას – კოსმეტოლოგობას მივმართე. საბედნიეროდ, ეს საქმე წარმატებული აღმოჩნდა. არაერთი სერტიფიკატი მაქვს მიღებული, ვმუშაობდი პრესტიჟულ სილამაზის ცენტრებში, მათ შორის, „ქალთა ბედნიერებაში“ და „ვოგში“. ამ სფეროში გზა გამიკვალა სალონმა MM, რისთვისაც ქალბატონ მაკა ღვალაძის დღემდე მადლიერი ვარ.
© Photo: Courtesy of Magda Kalandiaგურამ ბათიაშვილთან ერთად
გურამ ბათიაშვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2023
გურამ ბათიაშვილთან ერთად
- ისრაელში ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდით, რომელს გაიხსენებთ?
- ბევრს შევხვდი და მათ შორის იყო ქალბატონი ნანა შაფათაშვილი-დავარი, სწორედ მისადმი მიძღვნილ პოეზიის საღამოზე მიმიწვია ბატონმა ხუთი ბოთერაშვილმა ქართულ დასში, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემი სალონური შეხვედრებიდან საინტერესოდ მიმაჩნია ქართველი ებრაელი ქალბატონის მერი ელიაშვილის საღამო, რომელიც წერს ძალიან ლამაზ მუსიკას, რომლის შემსრულებელი თავადაა.
- თქვენი წყალობით რა გაიგეს საქართველოზე თქვენმა მეგობრებმა?
- აქ ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე. ჩემი თანამშრომლების უმრავლესობამ უკვე იცის, რომ ისრაელში რუსთაველის საფლავი და ჯვრის მონასტერია. იციან, რომ ქართველებს საკუთარი ენა და დამწერლობა გვაქვს. მათ ვასწავლი ქართული სამზარეულოს საიდუმლოებას, რაც განსაკუთრებით აინტერესებთ. მსურველებს ქართულ ენას ვასწავლი, გასამრჯელო არასდროს არავისთვის მითხოვია. ისინი ქართულად მესალმებიან და ყოველდღე ახალი ქართული სიტყვის სწავლას მთხოვენ. მოკლედ, სადაც უნდა ვიყო, ყველგან ვცდილობ ქართული საქმე ვაკეთო...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0