საქართველოს საგარეო უწყებამ ლუკაშენკოს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრა დაგმო

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2023
გამოწერა
საქართველოს საგარეო უწყებამ ბელარუსს მოუწოდა, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრა უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ბჟანია სამშაბათს მინსკში ჩავიდა, საიდანაც მოსკოვში გაემგზავრება, იუწყება „Sputnik-ბელარუსი".

„აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყებამ ბელარუსს მოუწოდა, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.
„ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
2022 წლის სექტემბერში ბელარუსის პრეზიდენტი ეწვია აფხაზეთს, მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველომ გადადგა ყველა საჭირო დიპლომატიური ნაბიჯი სოხუმში ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით და იმედს გამოთქვამს, რომ ოფიციალური მინსკი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ბელარუსს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0