სააკაშვილის დაცვის მხარე: ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ სტრასბურგში გასაჩივრებისგან

  - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2023
გამოწერა
ხაჭაპურიძის განცხადებით, სასჯელის გადავადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდება სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა გადაწყვიტეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ მიმართონ, განაცხადა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან.
მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი განაცხადა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმებაზე ან გადავადებაზე, ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავენ.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმდენად შემჭიდროებულ ვადებში ხდება ამ ტიპის დავების განხილვა, რომ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ სტრასბურგში გასაჩივრებისგან", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ამასთან, ადვოკატმა არ გამორიცხა, რომ აპელაციამ შეიძლება შედეგი გამოიღოს.
„დაველოდებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასეთი მოცემულობაა. არ არის გამორიცხული, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.
წონაში კლება პრეცედენტის საბაბი არ არის - კობახიძე სააკაშვილის სარჩელზე სტრასბურგში>>>
ასეთი ვარაუდების საფუძველი სააკაშვილისთვის დასმული „კახექსიის“ დიაგნოზია, რომელიც მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს კლინიკაში „ვივამედში“ დაუსვეს, სადაც იგი მკურნალობის კურსს გადის, აღნიშნა მან.
„სააკაშვილს უარი ეთქვა ნინო ნადირაძის (კლინიკის დირქტორი - რედ.) ჩვენების საფუძველზე – თითქოს სააკაშვილს არ სურს ჭამა. ამასთან, თავად კლინიკა „ვივამედმა“ დაადასტურა „კახექსიის“ დიაგნოზი, რაც სააკაშვილს დაუდგინდა ამერიკელი და ქართველი ექსპერტების მიერ. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლო დაეყრდნო ცრუ ინფორმაციას", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, „კახექსიის“ დიაგნოზი სასჯელის გადავადების ან გაუქმების საფუძველია.
ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ თუ თბილისის სააპელაციო სასამართლო სასჯელის გადავადებას გადაწყვეტს, მსჯავრდებული სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება.
„გადავადების შემთხვევაში მოხდება მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გაყვანა. რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ გამოთქვა მზადყოფნა სპეციალური სამედიცინო თვითმფრინავის გამოგზავნაზე და მისი გადაყვანა მოხდება ევროპის წამყვან კლინიკებში", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, სააპელაციო სასამართლო სარჩელს თუ არ დააკმაყოფილებს, მაშინ სხვა სამართლებრივ გზას მიმართავენ. ადვოკატებს სამოქმედო გეგმა გვაქვს, თუმცა წინასწარ არ გავამხელთ, თქვა ადვოკატმა.
„ვივამედის“ დირექტორმა უარყო ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების შესახებ>>>
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა, სადაც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან მკურნალობს, არაერთხელ განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის უარს ამბობს კვებაზე მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია ჭამა და წონაში მომატება.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0