აჭარაში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა

© Khulo Municipality City Hallგზის გაწმენდა ხულოში
გზის გაწმენდა ხულოში - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2023
გამოწერა
გზებს აჭარის ხუთივე მაღალმთიან რაიონში 24-საათიან რეჟიმში წმენდენ.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. მაღალმთიან აჭარაში დიდი თოვლი მოვიდა, თოვლის საფარი ორ მეტრს აჭარბებს, ხოლო ბარში 1,5 მეტრია, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
ამ დროისათვის მოძრაობა სრულად არის შეზღუდული ბათუმი–ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე სოფელ ფაქსაძეებიდან გოდერძის კურორტამდე.
დიდ დასახლებულ პუნქტებამდე გზები ხელახლა გაიწმინდა, რადგან მთელი ღამე ქარბუქი და თოვა იყო. ამჟამად მოძრაობა აკრძალულია რეგიონულ ცენტრამდე მიმავალ გზაზე.
გაწმენდის სამუშაოები აჭარის ხუთივე მაღალმთიან რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მობილიზებულია 80 ერთეული მძიმე ტექნიკა.
დიდთოვლობაა ქობულეთშიც. ქალაქის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო კომისია შეიქმნა.
ამ რაიონის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს. ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ცხემვანას მოსახლეობას, რადგან თოვლმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. საავტომობილო გზებს დილიდან ხელმეორედ გაწმენდა დასჭირდა. ადგილზე რვა ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.
გარდა ამისა, მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო სკოლების უმეტესობაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.
ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
თოვლია იმერეთშიც. აქაც ზოგან თოვლის საფარმა ორ მეტრს მიაღწია. გუბერნატორ ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ამ დროისათვის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 20 ათასი აბონენტი.
ზოგიერთ რაიონში თოვლმა 1,8 მეტრს მიაღწია. შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
სპეციალურმა სამსახურებმა გუშინ 128 გზა გაწმინდეს. ამჟამად გაწმენდის სამუშაოები 114 გზაზე მიმდინარეობს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა საქართველოში თვის ბოლომდე გაგრძელდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0