ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია: ორდღიანი ვიზიტის შედეგები

© Ministry of Internal Affairs of Georgiaესპანეთის შს მინისტრის ვიზიტი საქართველოში
ესპანეთის შს მინისტრის ვიზიტი საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2023
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში ფერნანდო გრანდე-მარლასკამ შეხვედრა გამართა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დასრულდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად ქართველ კოლეგა ვახტანგ გომელაურთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა სამართალდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს.

„შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს რეადმისიის შესახებ შეთანხმება 28 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. 2022 წელს რეადმისიას დაექვემდებარა 3.014 მოქალაქე, მათ შორის 651 არასრულწლოვანი. გასულ წელს რეადმისიის ყველაზე მეტი რაოდენობა განხორციელდა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და საბერძნეთიდან, ესპანეთიდან კი რეადმისიას 49 მოქალაქე დაექვემდებარა.
მხარეებმა ასევე განიხილეს მხარეთა შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი.
ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად მომსახურების სააგენტოს ეწვია, სადაც ესპანელი სტუმრები გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, ქართული მართვის მოწმობების კატეგორიებსა და გაცემის წესს, აგრეთვე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს.
ვიზიტის ფარგლებში ფერნანდო გრანდე-მარლასკამ შეხვედრები გამართა აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან.
ყველა ახალი ამბავი
0