რა საკითხები განიხილა წმინდა სინოდმა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2023
გამოწერა
წმინდა სინოდი ბოლოს 2021 წლის 11 თებერვალს შეიკრიბა.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდგომარეობასთან დაკავშირებული ჭორების ახალი მიზეზი გახდა.
გუშინ, 14 თებერვალს სინოდის წევრები ორწლიანი პაუზის შემდეგ შეიკრიბნენ და განიხილეს დაგროვილი საკითხები, მათ შორის უკრაინაში არსებული ვითარება, თურქეთში მომხდარი მიწისძვრა, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიის საკითხი.
ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ზენონი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა და გადაწყდა, რომ ეპარქია დროებით პატრიარქის უშუალო გამგებლობაში გადავა.
საპატრიარქომ ჯერ კიდევ 18 ნოემბერს გამოაცხადა ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის წინამძღვრის თანამდებობიდან ეპისკოპოს ზენონის გადაყენების შესახებ.
წმინდა სინოდი სააკაშვილის საკითხს განიხილავს?>>>
გარდა ამისა, სინოდის სხდომაზე მწუხარება გამოთქვეს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელსაც 35 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
„ჩვენ ასევე სამძიმარი გამოვუცხადეთ თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიო პატრიარქს. სირიაში უშუალოდ ანტიოქიის პატრიარქს მივუსამძიმრეთ", – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისი ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე ასევე განიხილეს მაკედონიის საკითხი და ჩრდილოეთი მაკედონიის სახელმწიფოში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ევქარისტული კავშირის დამყარება.
სინოდის ირგვლივ მოარული ხმები
მიუხედავად საკითხების აქტუალობისა, ჟურნალისტებში ძირითადი ინტერესი ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულმა ხმებმა გამოიწვია.
მიზეზი სხდომის მოულოდნელი გადადება გახდა. გავრცელებული ხმების გასაქარწყლებლად საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა სხდომის კადრები გაავრცელა. თუმცა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა დაადასტურა, რომ სხდომის გადადება მართლაც უკავშირდებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„პატრიარქი სუსტად იყო, მაგრამ ძალები მოიკრიბა და სინოდის სხდომა ჩაატარა. ჩვენ ამ დროს ერთად ვიყავით და ვისაუბრეთ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, სასულიერო პირები ერთხმად უარყოფენ ხმებს კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ.
„ამას ვერავინ მოესწრება, ეს საკითხი არასოდეს დადგება დღის წესრიგში, არავის აზრად არ მოსვლია ამის თქმაც კი. პატრიარქი დიდხანს იცოცხლებს. და ჩვენ ერთად აღვნიშნავთ მისი პატრიარქობის 50 წლის იუბილეს“, – განაცხადა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა.
მეუფე იაკობმა კი აღნიშნულ საკითხის განხილვას ზღაპრები უწოდა.
„ზღაპრებს ნუ მიყვებით! პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს-პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს!“ – უთხრა ჟურნალისტებს იაკობმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე მიულოცა>>>
ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს გაიმართა. 4 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა.
ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური, ღვთის განგებით, სამთავროს მონასტერში ქართველი ერის სათაყვანებელ კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს შეხვედრია და პატრიარქისგან პატარა ირაკლის ლოცვა-კურთხევა მიუღია.
გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი დიდი სიყვარულით იხსენებს ამ დროს.
24 წლისა, 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.
იმავე წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.
1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში.
1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. უწმინდესმა სოხუმში 11 წელი დაჰყო.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში სულ 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. ილია მეორის აღსაყდრების დღიდან გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაში 46 ეპარქია, 47 ეპისკოპოსია პატრიარქის ჩათვლით, 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.
ყველა ახალი ამბავი
0