რეზიდენციიდან ნახატების გატანის ამბავი: პრეზიდენტის მრჩეველი ბრალდებებს პოლიტიკურს უწოდებს

© photo: Sputnik / Stringerორბელიანების სასახლე
ორბელიანების სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2023
გამოწერა
მანამდე კულტურის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში ნახატების დაცვაზე პასუხისმგებელია პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის სფეროში.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ნახატების ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ფართო გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების გამო, განაცხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.
ორშაბათს პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდნენ კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ხელოვნების სასახლის წარმომადგენლები და იქიდან ქართველი მხატვრის სვიმონ დადიანის ხუთი ნახატი წაიღეს. როგორც გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ კახაბერ ჭუმბაძემ განმარტა, ერთ-ერთ ნახატზე აღმოჩენილია დაზიანებები და ის რესტავრაციას საჭიროებს. გარდა ამისა, მისი თქმით, ნახატების რეზიდენციაში შენახვის ორწლიანი ვადა ამოიწურა.

„(ნახატებზე) ის დაზიანებები, რაც არ ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება სად იქნა მიყენებული – ჩვენთან თუ ჩვენს სასახლეში უკვე დაზიანებული მოვიდა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასე გამოეხმაურა ის გენინსპექციის უფროსის მოადგილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, რომელსაც პრეზიდენტის მრჩეველმა მოაწერა ხელი, ის იყო პასუხისმგებელი პრეზიდენტის რეზიდენციაში არსებული ნახატების დაცვაზე.
გენინსპექციის უფროსის მოადგილის თქმით, დაზიანების მიზეზი შესაძლოა იყოს ყველაზე ბანალური, მაგალითად, ნახატების ტრანსპორტირება. ამის დასადგენად კვლევა ჩატარდება.

„საერთოდ, მსგავს ბრალდებებს, რასაც თვალს ვადევნებდით და სამინისტროს მხრიდან დღეს გაჟღერდა, მიჩვეულები ვართ... ვფიქრობ, რომ თავდასხმაა, იმიტომ არის ამ საკითხთან დაკავშირებით ფართოდ გამოხატული ინტერესი“, – განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტზე განხორციელებული ყველა თავდასხმა თუ თავდასხმის მცდელობა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.
კულტურის სამინისტროს გენინსპექციამ პრეზიდენტის რეზიდენციიდან ხუთი ნახატი გაიტანა >>

„რაც შეეხება ამ ნამუშევრების დაზიანებას: ნამუშევრებმა საქართველომდე დიდი გზა გამოიარა. ისინი თავის დროზე დასაწყობებული იყო ამერიკაში, აშშ-დან ჩავიდა პარიზში, პარიზიდან ჩამოვიდა საქართველოში. იყო ორ სხვადასხვა სივრცეში ექსპონირებული“, – განმარტა მრჩეველმა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ხელოვნების სასახლის წარმომადგენლებმა ათეულობით ნამუშევრიდან მხოლოდ ხუთი ნამუშევარი შეარჩიეს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამოსაფენად.
ამასთან ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ვადების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
„ეს სასახლე (რეზიდენცია) არის ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობა, რომელსაც იცავს სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაწყებული, სპეციალური სამსახურები. შესაბამისად, ვერ ვხედავ საფრთხეს და რაიმე პრობლემას, თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები ორბელიანების სასახლეში გამოფენილი“, – განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.
დააპატიმრებენ თუ არა მხატვარს - მის საქციელს ეხმაურებიან პრეზიდენტი და დეპუტატები >>
მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილს მიუძღვის დიდი წვლილი იმაში, რომ საქართველოს საჩუქრად მიიღო სვიმონ დადიანის 30-მდე ნამუშევარი და ისინი ხელოვნების სასახლეს გადაეცა.
„მათი მხრიდან ქართული კულტურის ინსტიტუციების მიმართ ნდობა არ იყო, შესაბამისად, პრეზიდენტის წონას, მის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მით უფრო, რომ ეს ოჯახი, რომლებიც არიან სვიმონ დადიანის ნამუშევრების მემკვიდრეები, ძალიან დიდ პატივს სცემს პრეზიდენტს, მათ ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებთ“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

სვიმონ დადიანის ბიოგრაფია

სვიმონ დადიანი ხუთი წლის იყო, როდესაც 1921 წელს მშობლებთან და და-ძმებთან ერთად საქართველო დატოვა. სვიმონმა სამხატვრო განათლება ჯერ პარიზში მიიღო, მოგვიანებით კი აშშ-ში, სადაც სწავლის შემდეგ დარჩა საცხოვრებლად.
მეორე მსოფლიო ომის დროს დადიანი გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ იბრძოდა ევროპაში, აშშ-ის სადესანტო ჯარების შემადგენლობაში. გარდაიცვალა 1974 წელს სან-ფრანცისკოში.
ამერიკის შეერთებული შტატების საგამოფენო დარბაზებში პერიოდულად ტარდებოდა სვიმონ დადიანის ქანდაკებებისა და ნახატების გამოფენები. ხოლო მისმა ერთ-ერთმა რეზონანსულმა გამოფენამ „შავი ტორსი" 1953 წელს თანამედროვე ხელოვნებისა და ფერწერის საგანგებო პრიზი დაიმსახურა.
ყველა ახალი ამბავი
0