თურქეთში საქართველოს ელჩი სტიქიის ზონაში ჩავიდა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2023
გამოწერა
ელჩმა სტიქიის ზონის დატოვების მსურველ მოქალაქეებს მოუწოდა, დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზზე.
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის ქალაქ ადიამანში ჩავიდა და ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
ელჩთან ერთად სტიქიის ზონაში საელჩოს კონსული, პოლიციის ატაშე და თანამშრომლები იმყოფებიან.
ჯანჯღავას განცხადებით, მიწისძვრის ზონიდან საქართველოს მოქალაქეებს გამოიყვანენ.
„გვინდა, მცირე წვლილი შევიტანოთ მათი ევაკუაციის საქმეში. ჩვენ დავეხმარეთ ისედაც ძალიან ბევრ მოქალაქეს, წასულიყო საქართველოში ან გადასულიყო ანკარაში, სტამბოლსა და თურქეთის სხვა მეტად დაცულ რაიონებში. ამჟამად ვეცდებით, ევაკუაციის სქემა შევიმუშაოთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად“, - განაცხადა ელჩმა.
სტიქიის ზონის დატოვების მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდენენ საელჩოს მოცემულ ნომრებზე: +90(533)6903040, +90(539)2208280
ბოლო დღეებია, სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად თურქეთში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან (AFAD).
ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.
თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან შესაბამისი ტექნიკა და 100 მაშველი გაიგზავნა. ამ დღეებში ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს.
გარდა ამისა, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ერთი მილიონი ლარი გამოყო.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ორი ძლიერი – 7,8 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა, რასაც უზარმაზარი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში დაიღუპა დაახლოებით 29 ათასი ადამიანი, აქედან 24.617- თურქეთში, 4.500 – სირიაში.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.
გაეროს მონაცემებით, მხოლოდ სირიაში 5,3 მილიონი ადამიანი შეიძლება უსახლკაროდ დარჩეს.
ყველა ახალი ამბავი
0