რა არის ავარიების მთავარი მიზეზი საქართველოში

© AP Photo / Martha Irvineმძღოლი საჭესთან
მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2023
გამოწერა
საჭიროა სიჩქარის ლიმიტების გადახედვა, დარწმუნებულია სპეციალისტი.
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია სიჩქარის გადაჭარბება, განაცხადა ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა.
სწორედ ამ მიზნით საჭიროა საავტომობილო გზებზე სიჩქარის ლიმიტების გადახედვა, დარწმუნებულია სპეციალისტი.
„მნიშვნელოვანია, ყოველწლიური სტატისტიკა განვიხილოთ. ეს გვაძლევს გარკვეულ სიგნალს, რათა ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ შემდეგი წელი უკეთესი გვქონდეს, გზებზე ნაკლები მსხვერპლი იყოს“, - განაცხადა ბრიფინგზე ლალიაშვილმა.
2022 წელს, წინა წელთან შედარებით, მთლიანობაში, შემცირებულია როგორც საგზაო შემთხვევების, ასევე დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი, აღნიშნა ლალიაშვილმა. თუმცა დედაქალაქში დაღუპულთა ოდენობა 8%-ით გაზრდილია, იმის მიუხედავად, რომ დანარჩენი ორი მონაცემი – საგზაო შემთხვევების და დაშავებულთა რიცხვი დაახლოებით 6%-ითაა შემცირებული.
აბაშაში ავარიაში 20 წლის ბიჭი დაიღუპა >>
რაც შეეხება ავარიების მიზეზებს, აქ წამყვანი ფაქტორია სიჩქარის გადაჭარბება. ასე მაგალითად, 2022 წელს სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ავარიების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. ასე პრობლემად რჩება ნასვამ მდგომარეობაში მართვა.
„უმნიშვნელოვანესია სიჩქარის ლიმიტების შემცირება. ერთია ის, რომ სიჩქარის გადაჭარბება ხდება, თუმცა, ისეთი ლიმიტები გვაქვს დედაქალაქში, რომ ამ არსებული სიჩქარით მოძრაობაც კი საფრთხის შემცველია. განსაკუთრებით ყურადსაღებია მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, სკოლის ზონები, სადაც მოზარდები გადაადგილდებიან“, - აღნიშნა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, თბილისში საშუალო სიჩქარე არის 60კმ/სთ, და ეს უნდა გადაიხედოს. ლალიაშვილმა მაგალითის სახით მოიყვანა ევროპული ქალაქები, სადაც საშუალო სიჩქარეა 50კმ/სთ, და ამ ნიშნულის დაწევა სურთ, განსაკუთრებით იქ, სადაც შერეული მოძრაობაა, ველოსიპედის მომხმარებლები, ასევე ბავშვები მოძრაობენ.
„ამიტომ, ვფიქრობ, თუ გვინდა, სტატისტიკა შევამციროთ, სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობასთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, ქალაქის გზებზე სიჩქარის ლიმიტების გადახედვა უნდა იყოს განხილული“, – განაცხადა ლალიაშვილმა.
საქართველოში 2022 წელს 7.517 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 430 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5.469 - დაშავდა.
ყველა ახალი ამბავი
0