ქართული კომპანიები ბერლინში საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობენ

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული მურაბა
ქართული მურაბა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2023
გამოწერა
გამოფენაზე მოწყობილ ქართულ სტენდზე ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი ის ქართული კომპანიებია წარდგენილი, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. გერმანიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე FRUIT LOGISTICA 2023 ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბერლინში გამართულ ამ ღონისძიებაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით თოთხმეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
სოფლის განვითარების სააგენტომ, გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობით, გამოფენაზე ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი ის კომპანიები წარადგინა, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
საერთაშორისო გამოფენაზე FRUIT LOGISTICA 2023, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო შემდეგი კომპანიების პროდუქცია: „აგროლეინი“, „ბლუბერდი“, „გოლდენ ფარმსი“, „ხონის პლანტაციები“, „როიალ ბერი“, FCO, „სილქ აგრო ტექნოლოჯი“, „ჰერბია“, „ვეს ბესტ ბლუბერი პლანტი“, „მამბოფროსტი“, „სიდერი“, „ბლუ გოლდ ჯორჯია“, „მწვანე მდელო“.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ გამოფენაში მონაწილეობდა შპს „იმერეთის აგროზონა“, რომელმაც სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარებისა და მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის პროექტები წარადგინა.
„აღსანიშნავია, რომ „იმერეთის აგროზონის“ ორივე პროექტის მიმართ პოტენციური ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შეხვედრები გაიმართა ასევე მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის როგორც არსებულ წევრებთან, ნიდერლანდურ კომპანიებთან, ასევე რამდენიმე გერმანულ, იტალიურ და დანიურ კომპანიასთან, რომლებიც ცენტრის წევრობით დაინტერესდნენ.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტების ბენეფიციარებს, ამ მნიშვნელოვანი გამოფენის ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ, გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიის და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, რაც, სამომავლოდ, ხელს შეუწყობს ქართული აგროპროდუქციისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის პროცესს და ექსპორტის ზრდას“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ.
FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. გამოფენას ყოველწლიურად 80.000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობა 87 ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 2.000-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო.
FRUIT LOGISTICA 2023 10 თებერვალს დასრულდა.
ყველა ახალი ამბავი
0