ხარვეზები აღმოფხვრილია - იუსტიციის სამინისტრო უგულავას საქმეზე

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშისტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
გამოწერა
იუსტიციის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლო იზიარებს სახელმწიფოს პოზიციას უშუალოდ უგულავის დაკავების კანონიერებაზე
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველომ უკვე გადაჭრა ყველა პრობლემური საკითხი, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) მიუთითა, როდესაც 2015 წელს თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ ევროპული კონვენციის დარღვევის დაადგინა მისი დაკავების ვადის გამო. ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ უგულავისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული პატიმრობის ვადა არ უნდა ყოფილიყო ცხრა თვეზე მეტად ხანგრძლივი. იქვე ნათქვამია, რომ ეროვნულ სასამართლოებს არ განუხილავთ, სხვა საქმეზე აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა იყო თუ არა პასუხი ახალ ფაქტებზე, თუ ეს იყო უბრალოდ პირველი ვადის ფაქტობრივი გაგრძელება.
„აღსანიშნავია, რომ ორივე საკითხი დღესდღეობით მოქმედი კანონმდებლობითა და პრაქტიკით არის აღმოფხვრილი“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს გიგი უგულავასთვის 10 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
უგულავა 2014 წლის 3 ივლისს დააკავეს. მეორე დღეს, 4 ივლისს სასამართლომ მას ფულის გათეთრების საქმეზე პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებისთვის განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური დასაშვები ვადა (9 თვე) 2015 წლის 2 აპრილს იწურებოდა, თუმცა 2015 წლის 15 მარტს სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა სხვა – ტელეკომპანია „იმედის“ მითვისების საქმეზე, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს სპეცრაზმი შევიდა და მაუწყებლობა შეწყდა.
იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პარალელურად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა შეიცვალა.
გარდა ამისა, განგრძობადი პატიმრობისას, დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ავტომატურად, პატიმრობის გაგრძელების საჭიროების გადასინჯვა ორ თვეში ერთხელ ხდება.
უგულავა 2015 წლის 16 სექტემბერს გაათავისუფლეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც ყოფილმა მერმა დაამტკიცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმის არაკონსტიტუციურობა, რომელიც სხვადასხვა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის და ამით პატიმრობის 9 თვეზე მეტი ხნით გახანგრძლივების საშუალებას იძლეოდა.
რაც შეეხება თავად უგულავას დაკავების ფაქტს, სამინისტროში აღნიშნეს, რომ სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა სახელმწიფოს პოზიცია მის კანონიერებასთან დაკავშირებით, რადგან არსებობდა დასაბუთებული ეჭვი, რომელიც „პროკურატურის მიერ მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით დასტურდებოდა“.
„ევროპული სასამართლო ეროვნული სასამართლოების მსჯელობას იმ ნაწილში დაეთანხმა, რომ მომჩივნის მხრიდან გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხეები არსებობდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გაიზიარა უგულავას თვალსაზრისი პოლიტიკური ნიშნით მისი დევნის შესახებ.
„ევროპულმა სასამართლომ უარყო მომჩივნის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მთავარი მოტივი გამოძიების წარმოების და პატიმრობის გამოყენების კონტექსტში პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
იქვე ნათქვამია, რომ სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ მაღალი პოლიტიკური სტატუსი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმუნიტეტის მინიჭებას არ ნიშნავს. სტრასბურგის სასამართლომ ასევე ხაზი გაუსმა ეროვნული სასამართლოების აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას.

უგულავას სისხლის სამართლის საქმეები

გიგი უგულავა იყო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკოსი და 2005 წლიდან თბილისის მერი, მაგრამ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის 22 დეკემბერს, სასამართლომ გაფლანგვის ბრალდებით ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით დაემატა ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნის ბრალდება, და საერთო ჯამში უგულავამ საპატიმროში 2 წელი და 7 თვე გაატარა. 2017 წლის დასაწყისში უგულავა გათავისუფლდა და შეუერთდა „ევროპულ საქართველოს". ამ პარტიის წევრი ის 2021 წლის აპრილამდე იყო.
2020 წელს ის კვლავ დააკავეს. სასჯელის ახალი ვადა უგულავამ 2011-2012 წლებში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მლნ ლარის გაფლანგვისთვის მიიღო. საქმის მასალებით, აღნიშნული თანხა მაშინდელი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორების დაფინანსებაზე დაიხარჯა.
2020 წლის მაისში ის პრეზიდენტმა შეიწყალა.
2015 წელს სასამართლომ უგულავა გაამართლა მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ტელეკომპანია „იმედის“ მითვისების საქმეზე, ხოლო 2020 წელს - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩხუბის საქმეზე.
უგულავას კვლავ ბრალდებულის სტატუსით ფიგურირებს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და მთაწმინდის პარკის მითვისების საქმეებზე, რომელიც პატარკაციშვილების ოჯახს ეკუთვნოდა.
ყველა ახალი ამბავი
0