საქართველოში ბიზნესის ნდობის ინდექსი იზრდება

© photo: Sputnik / Stringerქეთევან წამებულის გამზირი
ქეთევან წამებულის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
გამოწერა
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 33-მა მსხვილმა და 139-მა მცირე და საშუალო კომპანიამ.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ბიზნესის ნდობის ინდექსმა (BCI) 20,1-ს მიაღწია.
ბიზნესის ნდობის ინდექსი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც ასახავს ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლების ნდობის ხარისხს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობის მიმართ. მოცემული მაჩვენებელი ეკონომიკის ზოგადი მდგომარეობის ინდიკატორია.
კვლევის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის ნდობის ინდექსი მეოთხე კვარტალთან შედარებით 8,4 პუნქტით გაიზარდა და 20,1 შეადგინა.
ამასთან, ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 35,6 საფინანსო სექტორში ფიქსირდება.
მკვლევარების აზრით, BCI-ს დადებითი ცვლილება 2023 წლის პირველ კვარტალში განპირობებული იყო მოლოდინების გაუმჯობესებით.
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა>>>
გარდა ამისა, მკვლევარებმა განსაზღვრეს გასული ეფექტურობის ინდექსი, რომელშიც გათვალისწინებულია ბიზნეს-სექტორის მხრიდან საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის შეფასება. მათი ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში გასული ეფექტურობის ინდექსმა 14,7-ს მიაღწია, რაც 4,3 პუნქტით მეტია 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით.
ამასთან, მოლოდინების ინდექსმა შეადგინა 34,9. მოლოდინები 2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი იყო წარმოების სექტორში (62,5).
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 5,6-ით შემცირდა და 22,3-ის დონეზე დადგინდა, რაც მიუთითებს იმ ბიზნესების წილების შემცირებას, რომლებიც გეგმავენ მომავალი წლის განმავლობაში საკუთარ პროდუქციაზე ფასების გაზრდას, აღნიშნავენ მკვლევარები.
რაზე იმსჯელეს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე>>>
კვლევამ ასევე დაადგინა, რომ კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი და ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერია მსხვილი კომპანიებისთვის.
ამავდროულად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მთავარი დაბრკოლება ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა და მოთხოვნის ნაკლებობაა.
ბიზნესის ნდობის ინდექსი იზომება კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე შკალაზე [-100; 100] ქულებით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 33-მა მსხვილმა და 139-მა მცირე და საშუალო კომპანიამ.
ყველა ახალი ამბავი
0