რატომ გაიწვია მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი? კობახიძის პასუხი

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
გამოწერა
როგორც პოლიტიკოსმა განმარტა, სარჩელს კონკრეტული საფუძველი უნდა ჰქონდეს.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საკონსტიტუციო დავის შეწყვეტა წმინდა ტექნიკური სამართლებრივი საკითხი იყო, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოდან გაიწვია სარჩელი ელჩების დანიშვნის საკითხში პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ. საქართველოს მთავრობამ სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს მიმართა, მას შემდეგ, რაც ერთი თვით ადრე პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე.
როგორც კობახიძემ განმარტა, სარჩელს კონკრეტული საფუძველი უნდა ჰქონდეს, ანუ დავა არ შეიძლება იყოს აბსტრაქტული და უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე.

„სწორედ ბაქრაძის „ქეისის“ გარშემო იყო აგებული ეს საქმე, დაინიშნა ბაქრაძე და ამიტომ დაკარგა (სარჩელმა) სამართლებრივი აქტუალობა. მთავრობას ეს სარჩელი რომც არ გამოეწვია, ტექნიკურად საერთოდ ვერ გაგრძელდებოდა ამ საქმის განხილვა“, – განაცხადა კობახიძემ.

ამიტომაც საკონსტიტუციო სასამართლოს ეს „ტექნიკური ტვირთი“ მოეხსნა და თავად მთავრობამ გამოიწვია სარჩელი, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს იქვე მოუწევდა სარჩელის უარყოფა, რადგან ბაქრაძე დაინიშნა. ანუ რაზეც იყო დავა, ის დავა მოიხსნა“, – განაცხადა კობახიძემ.
სარჩელში ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების უარყოფით პირდაპირი ფორმით შეიჭრა მთავრობის ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში – განახორციელოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.
მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი გაიწვია>>>
მოსარჩელე მხარემ მიუთითა 2017-2018 წლების კონსტიტუციურ რეფორმაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ამ სისტემაში კი აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანოა საქართველოს მთავრობა, რომელიც „ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“. საქართველოს პრეზიდენტი კი არ წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილს.
როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მანამდე განმარტა, მას კონსტიტუცია არ დაურღვევია, არამედ უარი თქვა მხოლოდ ერთ დანიშვნაზე – დავით ბაქრაძის, რომლის საქმიანობაც აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტზე, მისი აზრით, ნაკლებად პროდუქტიული იყო.
საბოლოო ჯამში, 2022 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მაინც მოაწერა დოკუმენტს დავით ბაქრაძის გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ. მაშინ ზურაბიშვილმა თავისი გადაწყვეტილება ქვეყანაში დეპოლარიზაციის ხელშეწყობით ახსნა.
ყველა ახალი ამბავი
0