თურქეთში საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ

© AFP 2024 / MAHMUT BOZARSLANსამძებრო სამუშაოები მიწისძვრის შემდეგ
სამძებრო სამუშაოები მიწისძვრის შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2023
გამოწერა
თურქეთში ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად საქართველოს 6 მოქალაქე ითვლება დაკარგულად
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შესული შეტყობინების თანახმად, სტიქიის ზონაში მდებარე ქალაქ გაზიანთებში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს მოყოლილი, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თურქეთში ამ დროისთვის საქართველოს 6 მოქალაქეს ეძებენ, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლება. დადასტურებულია საქართველოს ორი მოქალაქის დაღუპვა.
უწყების ცნობით, საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყოვნებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.
„თურქეთის მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ართულებს დანგრეული შენობის დიდი მოცულობა. საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა თურქეთის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან, საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად (7,7 და 7,6 მაგნიტუდის) დაიღუპა 5.434 და დაშავდა 31.777 ადამიანი. დაინგრა 6 ათასზე მეტი შენობა. დაზარალებულად მიიჩნევა 13,5 მლნ ადამიანი.
თურქეთში საქართველოს ელჩის თქმით, თურქეთში საათობრივად იცვლება ვითარება და საელჩოში ძალიან ბევრი ზარი შედის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იყო ნაპოვნი.
მისი თქმით, საქართველოს საელჩომ ყველა რეგიონში შექმნა შტაბი და კოორდინაციაშია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოდან ჩასულ მაშველებთან, რომლებიც ქალაქ ადიამანში იმყოფებიან.
თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში და გენერალურ საკონსულოებს სტამბულსა და ტრაპიზონში.
მიწისძვრის კერა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. პირველი ბიძგი საქართველოს საზღვრიდან 616 კილომეტრში, ხოლო მეორე - 538 კილომეტრში დაფიქსირდა, ამას მოწმობს საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემები.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. ამ დროისთვის ამ ქვეყანაში მსხვერპლთა რაოდენობა 1832 ადამიანს შეადგენს.
მონაცემები დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მუდმივად იცვლება.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მაშველები თურქეთში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში უკვე ჩაერთნენ. ისინი თურქეთში იმავე დღეს, 6 თებერვალს გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.
ყველა ახალი ამბავი
0