საეკლესიო კალენდარი: 8 თებერვალი

© photo: Sputnik / Stingerტაძარი
ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2023
გამოწერა
მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს - დავითობას აღნიშნავს. ასევე ღირსთა: ქსენოფონტის, მარიამის, არკადისა და იოანეს, მოწამეთა: ანანია ხუცის, პეტრე საკნისმცველის და მათთან შვიდთა მხედართა, ღირსი სვიმეონ ძველის ხსენების დღეც.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
დავით აღმაშენებელი
1089 წელს აფხაზთა და ქართველთა მეფის ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავით IV, შემდგომში აღმაშენებლად წოდებული. იგი დაიბადა 1073 წელს, მეფე გიორგი მეორის ოჯახში, ბაგრატიონთა დინასტიიდან. დავით აღმაშენებელმა, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებული ქართველმა მონარქმა მოახერხა თურქ სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს დავით აღმაშენებელზე კეთილმსახური, ღირსი და თავმდაბალი მონარქი. მას მოძღვრის კურთხევის გარეშე ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. სხვადასხვა დროს მისი მოძღვრები იყვნენ მამა ევსტრატი, მამა იოანე და მამა არსენი. დავითი აღზარდა მეუფე ჭყონდიდელმა, რომელიც მეფისათვის უძვირფასესი ადამიანი გახლდათ. დავით აღმაშენებლის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა (დაუწყიათ 1106). მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა - გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში. დავით აღმაშენებელმა თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი", რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. ყველა დროის ამ უდიდესმა პოლიტიკოსმა, სარდალმა და დიპლომატმა 36 წლის მანძილზე იმდენი მოასწრო, რომ დღემდე მისი დანატოვარით მოვდივართ. ყოველივე ამის შემდეგ, რაოდენ თავმდაბლურად ჟღერს მისი სათხოვარი: "მოიხსენეთ ვედრი ჩემი… და ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს!"
მრევლი ტაძარში - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
საეკლესიო კალენდარი: 7 თებერვალი
ღირსი ქსენოფონტე, მეუღლე მისი მარიამი და ძენი მათნი არკადი და იოანე
ღირსი ქსენოფონტე და მეუღლე მისი მარიამი კონსტანტინეპოლში ცხოვრობდნენ V საუკუნეში. დიდგვაროვანი და მდიდარი ცოლ-ქმარი თავმდაბლობითა და სიკეთით გამოირჩეოდნენ. მათ ორი შვილი ჰყავდათ - იოანე და არკადი. როცა ძეები წამოიზარდნენ, კეთილმსახურმა დედ-მამამ ისინი სწავლის გასაგრძელებლად ფინიკიის ქალაქ ბეირუთში გაგზავნეს. ღვთის განგებით, ხომალდი გზაში დაიღუპა და ძმები სხვადასხვა ადგილას გაირიყნენ ნაპირზე. განშორებით დამწუხრებული იოანე და არკადი ბერებად შედგნენ. ხომალდის დაღუპვის ცნობით შეძრწუნებულ მშობლებს ღმერთმა ზეციური ჩვენებით განუცხადა, რომ მათი ძეები გადარჩნენ, რის შემდეგაც სულიწმიდით შთაგონებული ქსენოფონტე და მარიამი იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრნენ. აქ ისინი შეხვდნენ განჭვრეტის მადლით დაჯილდოებულ არკადის მოძღვარს, რომელმაც ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარში თავისი სულიერი შვილის მშობლები შეიცნო, უსიტყვოდ მიუხვდა სატკივარს და მთელი ოჯახი ერთად შეჰყარა. დიდი იყო მათი სიხარული. ამის შემდეგ ქსენოფონტემ და მარიამმაც მონაზვნობა შეიმოსეს, მდუმარებითა და მკაცრი მარხვით სათნოეყვნენ უფალს და სასწაულთქმედების ნიჭი მიიღეს, არკადიმ და იოანემ კი უდაბნოს მიაშურეს და აქ გაბრწყინდნენ ახოვანი მოღვაწეობით.
მოწამენი: ანანია ხუცესი, პეტრე საკანისმცველი და მათ თანა შვიდნი მხედარნი
წმიდა მოწამენი: ანანია ხუცესი, პეტრე საკანისმცველი და მათთან ერთად 7 მხედარი ფინიკიაში ეწამნენ 295 წელს. ანანია ხუცესი დიოკლეტიანეს დროინდელი დევნულობისას შეიპყრეს ქრისტეს აღსარებისათვის და ფინიკიის მმართველს მაქსიმეს მიჰგვარეს. ვერც შეგონებებმა, ვერც მუქარამ ვერ გადადრიკა წმიდანი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემისაგან. როცა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოითხოვეს, მან სულის შებერვით დაამსხვრია წარმართთა მთელი ტაძარი და საჯაროდ განაქიქა კერპთაყვანისმცემელთა ცრუ-სარწმუნოება. ამის შემდეგ საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც მეშვიდე დღეს მაცხოვრის გამოცხადების ღირსი შეიქნა, მეთორმეტე დღეს კი თავად სულიწმიდა ეჩვენა მტრედის სახით. ამ სასწაულების მხილველმა საპყრობილის მცველმა, პეტრემაც ირწმუნა ქრისტე, რისთვისაც ანანიას ხვედრი გაიზიარა - ორივე აღმსარებელი ერთად წარადგინეს საწამებლად. ანანია გახურებულ ტაფაზე დააწვინეს, სხეული დაუჩეხეს და ჭრილობებში მარილი ჩაუყარეს, პეტრე კი გავარვარებულ ნაღვერდლებში ჩააგდეს. შემდგომ ორივე მოწამე მეტისმეტად გახურებულ აბანოში გამოკეტეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ იქიდან უვნებელი გამოვიდნენ. მომხდარმა სასწაულმა კიდევ 7 მეომარი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. გამწარებულმა წარმართებმა ისინი არგნებით გვემეს, შემდეგ კი ცხრავე მარტვილი ცეცხლში ჩაყარეს უსჯულოთაგან სასიკვდილოდ განწირულებს კვლავ სულიწმიდა წარმოუდგათ მტრედის სახით და ალს წვის უნარი დაუკარგა. ამის შემდეგ უღმერთოებმა ანანია მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ იგი კვლავ ცოცხალი გადარჩა. ხოლო მოწამეები ზღვაში დაახრჩვეს, სიკვდილამდე ხუცესმა ანანიამ მოასწრო ახალმოქცეული მეომრების მონათვლა. ნაპირზე გამორიყული წმიდანთა ცხედრები ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას.
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2023
საეკლესიო კალენდარი: 6 თებერვალი
ღირსი სვიმონი
ღირს სვიმეონს (+დაახლ.390) ძველს უწოდებენ სვიმეონ მესვეტისაგან (ხს. 1 სექტემბერს) განსასხვავებლად. იგი ბავშვობაში გავიდა სირიის უდაბნოში, ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და აქ ატარებდა დღეებს განუწყვეტელი ლოცვითა და ღვთისგანგებულებაზე ფიქრით: წმიდა მამა მხოლოდ გამოქვაბულის ირგვლივ ამოზრდილი ბალახებით იკვებებოდა. როცა მარტომყოფის მოღვაწეობის ამბავი გახმაურდა, მასთან სულიერი დამოძღვრის მსურველებმა იწყეს სიარული. განმარტოების მაძიებელმა მამამ რამდენჯერმე გამოიცვალა დაყუდების ადგილი, ბოლოს, ღვთის მინიშნებით, ამანის ქედის ერთ-ერთ მთაზე დაემკვიდრა,აქ ორი სავანე ააგო და კეთილად განაგებდა მის მკვიდრთა ცხოვრებას.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0