მიმოხილვა: რუსეთი სირიასა და თურქეთს მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში ეხმარება

© AP Photoთურქეთში მომხდარი მიწწისძვრის შედეგები
თურქეთში მომხდარი მიწწისძვრის შედეგები - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2023
გამოწერა
სირიასა და თურქეთში აპოკალიფსური მიწისძვრის შემდეგ მალევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები შეუდგნენ დაშავებულების გადარჩენას, ნანგრევების გასუფთავებას და შედეგების ლიკვიდაციას.
სირიასა და თურქეთში 6 თებერვალს ბოლო ასი წლის განმავლობაში უძლიერესი, 7,7-ბალიანი მიწისძვრის შედეგად 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ეს მონაცემები საბოლოო არ არის - ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი. სტიქიის შემდეგ მალევე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სირიისა და თურქეთის ლიდერებს ბაშარ ასადსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს დახმარება შესთავაზა. შეთავაზება მადლიერებით მიიღეს – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს აერომობილური ჰოსპიტალი და 100-ზე მეტი სპეციალისტი სტიქიის ზონაში მუშაობას შეუდგა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ოპერატიულად გასცა სირიის არაბული რესპუბლიკის დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის განკარგულება. ჰმეიმიმის ავიაბაზაზე განთავსდა ერთობლივი ოპერატიული საკოორდინაციო შტაბი, მობილური სამედიცინო ჯგუფი, დონორებისგან სისხლის ჩაბარების ოთხი პუნქტი. ჩამოყალიბდა 10 რაზმი ნანგრევების გასაწმენდად და სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 60 ერთეული სამხედრო და სპეციალური ტექნიკა. რაზმები მუშაობენ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში და ყოველ ლოკაციაზე მორიგეობენ სპეცდანიშნულების სამედიცინო რაზმების ბრიგადები. გარდა ამისა, ალეპოში, ლატაკიაში, ჯებლეში, სტამუსა და ბუსტან-ელ-ბაშში მოქმედებს ჰუმანიტარული დახმარების ექვსი პუნქტი.
მიწისძვრა არ შეხებია ჰმეიმიმის ავიაბაზას, ტარტუსში სამხედრო-საზღვაო ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტს და სირიაში რუსული ჯარის სხვა ობიექტებს. რუსეთის სამაშველო და ჰუმანიტარული მისია სირიაში ეფუძნება ჰმეიმიმსა და ტარტუსში 49 წლით იჯარით აღებულ სირიულ მიწაზე მოწყობილ ინფრასტრუქტურას.

სამაშველო ოპერაციების მასშტაბი

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ერთ დღეში ძლიერი ბიძგები (7,7-დან 5,3 ბალამდე) სამჯერ განმეორდა, დაზარალდა დაახლოებით 13,5 მილიონი ადამიანი ათ პროვინციაში, სრულად დაინგრა 5775 შენობა. მიწისძვრას 1939 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი უწოდეს. მაშინ მაგნიტუდა 7,9 ბალი იყო, დაღუპულთა რაოდენობამ 33 ათას ადამიანს გადააჭარბა. ნანგრევების გაწმენდაში 16 ათასი ადამიანი მონაწილეობს. 7 თებერვლის დილისთვის ამოიყვანეს 7800 ცოცხალი ადამიანი. 338 ათასზე მეტი დაზარალებული დროებით გადანწილებულია საერთო საცხოვრებლებში, თავშესაფარებსა და უნივერსიტეტების შენობებში.
თურქეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა „მეოთხე დონის განგაში“, ანუ ვითარება მოითხოვს აქტიურ საერთაშორისო თანადგომას. დახმარებას შეპირდნენ ევროკავშირი, ბრიტანეთი, აშშ.
ძლიერი რყევები იგრძნობოდა ასევე სირიაში, ლიბანში, ისრაელში, ერაყში, საქართველოსა და კვიპროსზე. თურქეთს დახმარება 45-მდე ქვეყანამ შესთავაზა, სირიას კი, რომლის ტერიტორიაზეც ყველაზე მეტად დაზარალდა ლატაკიის, ჰამას, ალეპოსა და ტარტუსის პროვინციები, არც ისე ბევრმა. გამოცემა Washington Post აღნიშნავს, რომ „დიპლომატიური დაძაბულობა ბაშარ ასადის მთავრობასთან სამოქალაქო ომის გამო“ ართულებს მისთვის დახმარების აღმოჩენას. სტიქიის ზონაში რუსი მაშველების მოქმედებაზე დასავლური მასმედია არაფერს წერს, თუმცა ამერიკული Newsweek მაინც აღნიშნავს: „ვიდრე რუსეთი, ირანი და არაბული სახელმწიფოები ეხმარებიან მიწისძვრისგან დაზარალებულ სირიას, აშშ პირობას დებს, რომ არ გამართავს მოლაპარაკებას ასადთან“.
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონმა გაწყვიტა ურთიერთობა დამასკოსთან და თანამშრომლობს მხოლოდ ქურთების დაჯგუფებასთან „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“, რომელიც ცნობილია, როგორც „ავტონომიური მთავრობა“ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
ამასთან, გაირკვა, რომ ისრაელმა „მტრულ სახელმწიფოს“ – სირიას რუსეთის დახმარებით უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შესთავაზა სამედიცინო აღჭურვილობა და წვდომა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საავადმყოფოებთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
უძლიერეს მიწისძვრას თან ახლავს მკვეთრი აცივება და შტორმი. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ტექტონიკური ფილების შეჯახების ზონაში შემდგომი ბიძგები შესაძლოა ექვს თვეზე მეტხანს გაგრძელდეს. აღმოსავლეთმცოდნეები თურქეთისა და სირიის მიწისძვრების ფონზე იგონებენ განკითხვის დღეს, რომელიც „არ დადგება, ვიდრე მრავალი მიწისძვრა არ მოხდება“ (ალ-ბუჰარი).
მუსლიმები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ თავი შეაფარონ სარწმუნეობას, იხსენებენ მუჰამედ წინასწარმეტყველის სიტყვებს მიწისძვრებსა და სამოთხის ბაღს შორის კავშირის შესახებ. რუსეთი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რათა გადაარჩინოს სტიქიის შედეგად დაზარალებულები, აღმოფხვრას ნგრევის შედეგები და გადაავადოს განკითხვის დღე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0