მუშაობა კიდევ მოგვიწევს – ქართულმა ოპოზიციამ ევროკომისიის ანგარიში შეაფასა

© photo: Sputnik / Stringerგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2023
გამოწერა
ჩვენი ტექნიკური პროგრესი ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ პოლიტიკური პროგრესი ჩამორჩება, განაცხადა გახარიამ.
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ქართული ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებისგან ევროპის მიმართულებით წინსვლის მხრივ შემდგომ ნაბიჯებს ელოდება.
ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში შესვლის განცხადებათან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მთავრობის მუშაობა უმეტეს სფეროებში დადებითად შეაფასა.
„ჩვენი ტექნიკური წინსვლა საყურადღებოა, თუმცა პოლიტიკური პროგრესი ჩამორჩება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ისევე შეუერთდნენ ევროკავშირის ღირებულებებს, როგორც ქართველი ხალხი“, – განაცხადა პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.
პარტია „გირჩის“ დეპუტატი ჰერმან საბო ანგარიშში დადებითი გავლენის პერსპექტივას ხედავს.
„ჩვენმა მეგობრებმა, რომლებიც ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობას ჯერ კიდევ ინარჩუნებენ, ამ ანგარიშით ფოკუსი გაგვისწორეს, რადგან იმით გათამამებულები, რომ ამ პუნქტების შესასრულებლად ცოტა მეტი დრო გვაქვს, ისინი სრულიად დავივიწყეთ“, – განაცხადა საბომ.
მისი აზრით, ანგარიში ოპოზიციასა და ხელისუფლებას პასუხისმგებლობის შესახებ ახსენებს.
„ტექნიკური მხარის ნაცვლად, დიდი მნიშვნელობა აქვს კონტექტს – თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანა, როგორი ტემპით მიდის, ვინარჩუნებთ თუ არა იმავე განწყობებს, რაც ევროკავშირის მიმართ იყო, როგორ ვიქცევით, საერთაშორისო არენაზე როგორ გამოვიყურებით“, – აღნიშნა საბომ.
საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის დადებით შეფასებას მიესალმება>>
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძემ.
„ევროკომისიის დადებითი ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვართ, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, მაგრამ ქვეყნისთვის გამოწვევად და ვალდებულებად რჩება 12 პუნქტის შესრულება“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ვალდებულებები და ისინი არ გაქრება.
ხელისუფლების პოზიცია
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ანგარიშის კომენტარისას განაცხადა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად – 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის მთელი საკვანძო პარამეტრებით – უკრაინას.
ამავე დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ეს ანგარიში საკმაოდ ტექნიკურია, თუმცა აქვს სპეციალური შეფასების გრადაცია, რომლის მიხედვით, დოკუმენტში არსებული 32 სექტორული მიმართულებებიდან 26-ში საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება. მისი თქმით, ქვეყანა ყველა პარამეტრით ლიდერობას ინარჩუნებს რეფორმების გატარების კუთხით.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას ევროპული მხარე გაითვალისწინებს 12 პრიორიტეტის განხორციელების შედეგებს, ასევე ანგარიშში არსებულ პროგრესს, რომელიც, დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის გზაზე უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0