თბილისში ტაქსის მძღოლს მგზავრების „ბასლაინზე“ მომსახურების უფლება ექნება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტაქსი თბილისში
ტაქსი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
გამოწერა
სიახლე ეხება თეთრი ფერის ტაქსის ნიშნის მქონე ავტომობილების მძღოლებს.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თბილისში А კატეგორიის ტაქსის მძღოლები 2023 წლის 1 აპრილიდან მგზავრების აყვანასა და ჩამოსმას ე.წ. ბასლაინებზე შეძლებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე.
ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. მეორე ეტაპი ერთი წლის შემდეგ – 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. მაშინ ტაქსები ორ – А და В კატეგორიად დაყვეს.

„ამ მიმართულებით ჩვენ შსს-სთან აქტიურად ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა კალაძემ.

სიახლე თეთრი ფერის ავტომობილებს ეხება, რომლებსაც ტაქსის შესაბამისი ნიშანი აქვთ.
ტაქსის А კატეგორიის ნებართვის აღება 1 აპრილიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ ყიდვის ან იჯარის სახით იმ პირთაგან, რომლებსაც ეს დოკუმენტები უკვე ეკუთვნით. ეს სერვისი ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული სისტემის მეშვეობით: www.taxi.tbilisi.gov.ge.
სწორედ ამ ვებ-გვერდის საშუალებით იქნება შესაძლებელი А კატეგორიის ნებართვის ყიდვა ან გაყიდვა, გაქირავება, პირადი პროფილით მართვა და ა.შ.
შეიქმნა ასევე სპეციალური გზამკვლევი, რომელიც ვებ-გვერდის გამოყენების დეტალურ ინსტრუქციას წარმოადგენს. ის ხელმისაწვდომი იქნება მერიის ვებ-გვერდზეც და ასევე ვებ-გვერდზე www.taxi.tbilisi.gov.ge.
პირები, რომლებიც А კატეგორიის ნებართვას 2023 წლის 1 აპრილიდან მიიღებენ, ვალდებული იქნებიან დოკუმენტი 2024 წლის 1 აპრილამდე გაააქტიურონ.
როდიდან დაიწყება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი>>
დოკუმენტის გააქტიურება შესაძლებელია ვებ-გვერდის ან თბილისის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
იმ მძღოლებმა, რომლებსაც აქვთ ნებართვა, მაგრამ მას არ იყენებენ, არ ყიდიან და არ აქირავებენ, დღეში სამი ლარი უნდა გადაიხადონ.
იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი 1 წლის განმავლობაში, ანუ 2024 წლის 1 აპრილამდე არ გააქტიურდება, ის ავტომატურად გაუქმდება.
რეფორმის პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რომ აქამდე გაცემული А კატეგორიის მართვის მოწმობა მოქმედი იქნება. რაც შეეხება В კატეგორიის მართვის მოწმობას, ამ შემთხვევაში ყველა წესი შენარჩუნდება.
მერიაში აღნიშნეს, რომ რეფორმა არ ითვალისწინებს А კატეგორიის მძღოლებისთვის ასაკობრივ შეზღუდვას ან დამატებით გადასახადებს.
რა არის А კატეგორიის ტაქსი?
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.
თუმცა, ამავდროულად ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის ნებართვა მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.
რეფორმით ბევრი ტაქსის მძღოლი დარჩა უკმაყოფილო. მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, მაგრამ მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისა და ქალაქის მთავრობის მხრიდან გარკვეული დათმობების შემდეგ კონსენსუსს მიაღწიეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0