არაფერი სკანდალური - ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან საუბრის აუდიოჩანაწერზე

© photo: Sputnik / Stringerზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
გამოწერა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ქართველი და რუსი დიპლომატების საუბრის აუდიოჩანაწერი, სადაც საზღვარზე ტრანსპორტის კოლაფსის მოგვარებაზეა ლაპარაკი.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრთან გრიგორი კარასინთან საუბრის აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა და განაცხადა, რომ მასში არაფერი სკანდალური არ ყოფილა.
აბაშიძე-კარასინის საუბრის აუდიოჩანაწერი ინტერნეტ-სივრცეში გუშინ გავრცელდა. ჩანაწერში კარასინი აბაშიძეს ესაუბრება საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის მნიშვნელობაზე. თავის მხრივ, აბაშიძე ამბობს, რომ ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით მასშტაბური ავტომაგისტრალის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, რომელიც წელიწად-ნახევარში დასრულდება.
როგორც „პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აბაშიძემ განაცხადა, კარასინთან საუბარი დაახლოებით 2022 წლის 20-21 ივნისს შედგა.

„მაშინ რთული ვითარება იყო ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით, ათასობით მანქანა იდგა ორივე მხარეს. რთული სიტუაცია შეიქმნა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ამასთან დაკავშირებით მქონდა ე.წ. პრაღის ფორმატში კარასინთან კავშირი“, – განაცხადა აბაშიძემ.

ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხების მოგვარება შესაძლებელი გახდეს უშუალო კონტაქტით, რაც განსაზღვრულია დღის წესრიგით და ჩვენი მანდატით, აღნიშნა ქართველმა დიპლომატმა.
რა ეტაპზეა საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა>>>
„ასე რომ, ჩვენ მაშინ ვეკონტაქტეთ ერთმანეთს, სატელეფონო კავშირი გვქონდა. ჩავრთეთ ადგილობრივი სამსახურები, მესაზღვრეები, მებაჟეები, რათა ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ჩვენი მეზობელი ქვეყნები იყვნენ შეწუხებული, მათ შორის, სომხეთიდან ჩამოვიდა მათი წარმომადგენელი. აი, ამაზე ვსაუბრობდით“, – განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძემ აღნიშნა, რომ მან ჩანაწერს ორჯერ მოუსმინა და ადასტურებს მის ნამდვილობას.

„ჩანაწერში სკანდალური რა არის, ჯერ ვერ მივხვდი. მე ვამბობ, რომ ჩვენი მხრიდან მიდის მშენებლობა, პარალელური დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და სადღაც წელიწად-ნახევრის შემდეგ დასრულდება“, – განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, ოპონენტები შეეცდებიან კარასინთან საუბარი წარმოაჩინონ როგორც დიდი სკანდალი, მაგრამ იქ არაფერია ასეთი.
„როცა იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, – აღნიშნა აბაშიძემ.
2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
გზა საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ
ამჟამად მშენებარე ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 23-კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, ხუთი ხიდის, ხუთი გვირაბის მშენებლობა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია.
მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა.
ახალი გზა რთულ გეოგრაფიულ მარშრუტს აუვლის გვერდს, რომელიც ზამთარში დიდთოვლობით გამოირჩევა. სწორედ ამ გზის წყალობით ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში გარე სამყაროსთან კავშირს შეინარჩუნებს. გზა აღარ დაიკეტება, ხოლო სოფლის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა საჭირო მომსახურება.
სატრანზიტო ტვირთი გუდაურის კურორტს გვერდს აუვლის. ეს, ერთი მხრივ, განტვირთავს კურორტის მახლობლად საგზაო მოძრაობას, მეორე მხრივ, ტრანზიტი უფრო უსაფრთხო გახდება. პროექტის ფარგლებში დამატებით აშენდება 5-კილომეტრიანი გზა გუდაურამდე, რაც გადაადგილებას გახდის უფრო უსაფრთხოს, კომფორტულს და გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.
საქართველოში სატრანსპორტო და სატვირთო გადაზიდვები გაიზარდა>>>
ახალ გზაზე დაცული იქნება მოძრაობის უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ნორმა, შემცირდება მგზავრობის დროც. თუ ახლა ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება (ზამთარში მეტი) და ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა ხშირად იკრძალება, პროექტის დასრულების შემდეგ მგზავრობის დრო მხოლოდ 15 წუთი იქნება.
გარდა ამისა, თბილისი–გუდაურის მიმართულებით მგზავრობის დრო ორი საათის ნაცვლად საათ-ნახევარი იქნება. თბილისი–სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობას ორსაათნახევრის ნაცვლად 1:45 საათი დასჭირდება.
მშენებლობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება. პროექტის ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0