„მზიურში“ ადგილმონაცვლეობის გზით დაბრუნებულ მიწის ნაკვეთზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

© photo: Sputnik / Stringerპარკი „მზიური"
პარკი „მზიური - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
გამოწერა
ბავშვთა ქალაქი „მზიური“ თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში 1982 წელს გაიხსნა.
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაბრუნების შემდეგ იქ რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მზიურს“ დაახლოებით 18 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი მესაკუთრესთან მუნიციპალიტეტის მოლაპარაკებების გზით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით დაუბრუნდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დაბრუნებულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით მოეწყობა.

„აღნიშნულ სივრცეში საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სათამაშო მოედნები, საპიკნიკე არეალი, ცხოველების სასეირნო ზონა, ფანჩატური, გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ჩატარდება გამწვანებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება: დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესება ბალახი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

აღნიშნული პროექტის განხორციელების დაწყება კალაძემ მერის მოადგილეს ანდრია ბასილაიას დაავალა.
„რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ პროექტის განხორციელება და ამ სივრცის მოწესრიგება, რომ გაზაფხული-ზაფხულში „მზიურს“ ჰქონდეს კიდევ უფრო გაზრდილი ტერიტორია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„მზიურის“ პარკში რეაბილიტაცია სამი წლის წინ დასრულდა, რომლის ფარგლებში სრულად განახლდა საფეხმავლო და ველობილიკები, მოეწყო ახალი დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო სივრცეები, ასევე სკეიტ-პარკი.
„მზიურს“ ადგილმონაცვლეობის პრინციპით ვრცელი ტერიტორია დაუბრუნდა>>
პარკი „მზიური" თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად ძალიან დაზიანდა. იმ ღამით ვერეს ხეობაში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები.
ბავშვთა ქალაქი, დასვენებისა და კულტურის პარკი „მზიური“ თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში 1982 წელს გაიხსნა. მისი დაარსების იდეა ქართველ მწერალს ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის, პარკი მოწყობილია დუმბაძის ნაწარმოებების სიუჟეტების მიხედვით.
ყველა ახალი ამბავი
0