„მზიურს“ ადგილმონაცვლეობის პრინციპით ვრცელი ტერიტორია დაუბრუნდა

© photo: Sputnik / Stringerბავშვთა ქალაქი „მზიური“
ბავშვთა ქალაქი „მზიური“ - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
ბავშვთა ქალაქი „მზიური“ თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მდებარეობს.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ბავშვთა ქალაქ „მზიურს“ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კალაძის ინფორმაციით, დაახლოებით 18 ათასი კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს მესაკუთრესთან მოლაპარაკებების გზით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით უბრუნდება.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, „მზიურის“ პარკი ორი წლის წინ განახლდა, თუმცა იმ დროს პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილად ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პარკის გარკვეული ტერიტორია კერძო საკუთრებაში იყო.

„ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან და დღევანდელი გადაწყვეტილება მინდა გავაცნო თბილისელებს ამ სივრცესთან დაკავშირებით. მინდა მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას... მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა აღნიშნული მიწა, რომელიც დაახლოებით 18 ათასი კვადრატული მეტრია“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე უკვე გატანილია, ახლა გადაეგზავნება საკრებულოს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„ჩვენი ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მწვანე არეალების მიმართ, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა, მოწესრიგებული და განახლებული, რადგან ეს სივრცეები უნდა გამოიყენონ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა და ამ ქალაქში მცხოვრებმა ყველა თაობის ადამიანმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„მზიურის“ პარკში რეაბილიტაცია ორი წლის წინ დასრულდა, რომლის ფარგლებში სრულად განახლდა საფეხმავლო და ველობილიკები, მოეწყო ახალი დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო სივრცეები, ასევე სკეიტპარკი.
„მზიურის" პარკში ბეჰემოთი „ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა>>
პარკი „მზიური" თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად ძალიან დაზიანდა. იმ ღამით ვერეს ხეობაში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები.
ბავშვთა ქალაქი, დასვენებისა და კულტურის პარკი „მზიური“ თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში 1982 წელს გაიხსნა. მისი დაარსების იდეა ქართველ მწერალს ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის, პარკი მოწყობილია დუმბაძის ნაწარმოებების სიუჟეტების მიხედვით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0