„მზიურის" პარკში ბეჰემოთი „ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerბეჰემოთი "ბეგის" ქანდაკება
ბეჰემოთი ბეგის ქანდაკება - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
დღეს თბილისში, ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბეგი (ბეგლარი) – ის ბეჰემოთია, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიას გადაურჩა და ტრაგედიიდან მეორე დღეს გმირთა მოედანზე სეირნობდა.
ქანდაკების გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

„დღევანდელი დღე ნაწილობრივ სასიამოვნოა, რადგან გაიხსნა იმ ბეჰემოთის ქანდაკება, რომელიც იმ რთულ დღეს ქალაქში დინჯად დააბიჯებდა, ქალაქში, რომელიც გაუბედურებული იყო. ვისურვებდი, რომ ამ ქანდაკების ირგვლივ იყოს მუდამ ჟრიამული, სიხარული, ბედნიერება და წარმატება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მოქანდაკე ერეკლე წულაძის ქანდაკება 2019 წელს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს ეძღვნებოდა.
ქანდაკება უჟანგავი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, გარე სივრცესა თუ ინტერიერში მსგავსი ტიპის ნამუშევარი პირველად განთავსდა.
© photo: Sputnik / Stringerბეჰემოთი "ბეგის" ქანდაკება გაიხსნა
Открытие памятника бегемоту Беги в парке Мзиури - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
ბეჰემოთი "ბეგის" ქანდაკება გაიხსნა
დღეს თბილისში, ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა.
2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდნენ. მტაცებლების ნაწილის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება შეძლეს, ნაწილის კი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
მაშინ გმირთა მოედანზე მოსეირნე ბეგის ფოტოები მთელ მსოფლიოში გავრცელდა. სოციალურ ქსელში გაჩნდა მოწოდება – ჰიპოპოტამი გახდეს თბილისის სიმბოლო. ასე იქცა ბეგი ხელოვნების მოღვაწეებისა და მოხალისეების ერთგვარ სიმბოლოდ. სწორედ ამიტომ თბილისის მერიამ ამ ცხოველის უკვდავყოფა გადაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0