მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ უცვლელი დარჩა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliლარი და კალკულატორები
ლარი და კალკულატორები - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს.
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11,0 პროცენტს შეადგენს, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს.
„ინფლაციის შემცირებას მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნება და ფისკალური კონსოლიდაციაც უწყობს ხელს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარეგულირებლის განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზის თანახმად, სხვა თანაბარ პირობებში, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე, წლიური ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება.
როდის შეარბილებს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას>>
„კლების მიუხედავად, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს კვლავ აღემატება და მან დეკემბერში 9,8 პროცენტი შეადგინა. ერთმანეთის მიმყოლი შოკების შედეგად ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდითაა გადახრილი, რაც ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს.
„პოლიტიკის შერბილება ინფლაციის ფაქტობრივი დონის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოების შემდგომ არის მოსალოდნელი, რამაც გრძელვადიანი მოლოდინების გაუარესება უნდა აგვარიდოს. თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან არსებული მკაცრი პოზიციის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო“, – განმარტავს ეროვნული ბანკი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,1%-ით გაიზარდა - ახალი სტატისტიკა>>
მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. თუმცა 2021 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე პერიოდში განაკვეთი ისევ გაიზარდა – 8%-დან 10,5%-მდე.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 29 მარტს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0