„ხალხის ძალა": სააკაშვილმა აღიარა, რომ აგენტია

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2023
გამოწერა
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ აგენტია, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
27 იანვარს გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა გამოაქვეყნა სააკაშვილთან ინტერვიუ, რომელშიც ექს-პრეზიდენტმა მისი საქართველოში დაბრუნების ორგანიზებაზე საუბრისას არ გამორიცხა, რომ 2021 წლის ოქტომბერში მის დაბრუნებას რუსეთის მიერ ჩანერგილი აგენტები გეგმავდნენ.
როგორც „ხალხის ძალის“ წევრები აღნიშნავენ, დადასტურდა ის, რასაც დიდი ხანია ამტკიცებენ – ექს-პრეზიდენტის სატვირთო კონტეინერში მოთავსება და უკრაინიდან საქართველოში გამოგზავნა ისე იყო დაგეგმილი, რომ სააკაშვილი გეგმის დეტალებზე სათანადოდ არც კი იყო ინფორმირებული.

„ასეთია აგენტის ხვედრი: პატრონის ნებისმიერ დავალებას ის კითხვის დასმის უფლების გარეშე უნდა დაემორჩილოს. მონობის არჩევის თავისუფლება თანამედროვე ფსევდოლიბერალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგიური საყრდენია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ავტორების თქმით, უცხო ქვეყნის აგენტობა თავიდანვე მონობას ნიშნავს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი სახელმწიფოს სამსახურში დგახარ – რუსეთის, ამერიკის თუ სრულიად უწყინარი ახალი ზელანდიის.
„აგენტად კურთხევისას ხელს აწერ პირობას, რომ პატრონის ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭული შეასრულებ. შესაბამისად, აგენტისა და მონის მდგომარეობებს შორის არავითარი არსებითი განსხვავება არ არის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერების თქმით, ხელისუფლების სათავეში აგენტურის ყოფნა სახელმწიფოსთვის უდიდესი საფრთხის შემცველია.
„სამშობლოსა და პატრონს შორის აგენტი უპირატესობას ყოველთვის პატრონს მიანიჭებს და პატრონის შიშით თუ მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭული მოაწერს ხელს, თუნდაც ეს დავალება საკუთარი სამშობლოს მსხვერპლშეწირვას გულისხმობდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გარდა, ჩვენს რეალობაში აგენტს აქვს ერთი სერიოზული ცდუნება – აგენტურამ იცის, რომ პატრონი მას ეხმარება, რათა ძალაუფლება ხელში აიღოს, ქვეყნის მოსახლეობა დაიმონოს და მის ძარცვას მიჰყოს ხელი, რაც საქართველოს მოსახელობამ თავის თავზე 2004-12 წლებში ერთხელ უკვე მძიმედ იწვნია.
„რეპრესიები, ბიზნესის რეკეტი, კორუფცია, რაც სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერა იყო, სინამდვილეში სწორედ პატრონის მიერ იყო ნაკარნახევი. ძალაუფლების დაბრუნების, ხალხის ძარცვისა და ნაძარცვის განაწილების პერსპექტივა არის ის მთავარი ცდუნება, რომელიც აგენტებს საკუთარი პატრონის უსიტყვო მორჩილებისკენ უბიძგებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება აღარასოდეს უნდა დაუშვას, რათა ქვეყანაში მშვიდობას და განვითარებას ფუნდამენტური საფრთხე აღარასოდეს შეექმნას, აცხადებენ განცხადების ავტორები.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
დიაგნოზები არასწორია? სააკაშვილის საქმეს მტკიცებულებად ახალი მასალები დაერთო>>>
ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0