კიდევ ერთი თაღლითობის გამოვლინება - გია ვოლსკი სააკაშვილის ინტერვიუზე

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2023
გამოწერა
ჩვენ არ გვაქვს საქმე არც ექს-პრეზიდენტის დემენციასთან და არც ფიზიკური რესურსის შეზღუდვასთან, განაცხადა ვიცე-სპიკერმა
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ მიუთითებს იმაზე, რომ მას არანაირი დემენცია არ აქვს - საუბარია თაღლითობაზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
27 იანვარს გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა გამოაქვეყნა სააკაშვილის ინტერვიუ, სადაც მან დაადანაშაულა რუსეთი მისი საქართველოში დაბრუნების ორგანიზებაში და არ გამორიცხა, რომ 2021 წლის ოქტომბერში მის დაბრუნებას რუსეთის მიერ ჩანერგილი აგენტები გეგმავდნენ.
„კიდევ ერთი თაღლითობის გამოვლინებაა ეს. არავითარ დემენციასთან, ფიზიკური რესურსის შეზღუდვასთან არ გვაქვს საქმე. წეროს, გააკეთოს განცხადებები, მისცეს ინტერვიუები. მცდელობა, რომ სააკაშვილი წარმოეჩინათ უნარშეზღუდულ ადამიანად, ჩვენ ადრეც გვახსოვს“, - განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
ვოლსკის თქმით, „წინააღმდეგობრივი ვითარება, რომელიც დღეს რადიკალურ ოპოზიციაში შეიქმნა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გაერთიანება... ყოველთვის დამთავრდება ფიასკოთი“.
„ის ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნა, ცდილობს ამომრჩეველს თავი მოაწონოს იმით, თუ ვინ უფრო მეტი დამაზიანებელი რესურსის მატარებელია“, - აღნიშნა ვოლსკიმ და დასძინა, რომ იმედი აქვს, რომ არჩევნების შედეგები ამ ნიშნით არ განისაზღვრება.
ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ხანია დაკარგა პოლიტიკური გაერთიანების სახე. ის ძალაუფლების დამხობას და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს საქართველოში.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ბლოკჩეინ სისტემით მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა 76%-ს ხმა უკვე მიცემული აქვს.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე რეგისტრაცია გაიარეს: პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ, პარტიის აქტიურმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის ყოფილმა წევრმა ნონა მამულაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი მუმლაძემ.
ლევან ხაბეიშვილმა არ გამორიცხა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძალისმიერი გათავისუფლება პატიმრობიდან.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0