შიდაპარტიული არჩევნების გამოძახილი: გიორგი კირთაძემ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

© photo: Sputnik / Seyran Baroyan"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ოფისი
ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2023
გამოწერა
შიდაპარტიულ არჩევნებში 41.264-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. სულ დარეგისტრირებული იყო 49.638 ამომრჩეველი.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების დასრულების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
შიდაპარტიული არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდა. არჩევნებში პარტიის აქტიურმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.
კენჭისყრის შედეგებით, ხაბეიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კი – 40%.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე კიდევ ორ კანდიდატს, პარტიის ყოფილმა წევრმა, წარსულში პარტიის თბილისის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნონა მამულაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 3,73% მიიღო, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი მუმლაძემ – 3,68%.
გიორგი კირთაძე პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას უჭერდა მხარს. მისი თქმით, იგი პარტიაში რჩება და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

„თავიდანვე ვამბობდი, რომ ნიკა მელიას დამარცხების შემთხვევაში თანამდებობას დავტოვებდი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიას ვტოვებ და აქტიურად არ გავაგრძელებ ბრძოლას… ვულოცავ ხაბეიშვილს გამარჯვებას და არ ვფიქრობ, რომ რაიმე დაპირისპირება იქნება პარტიაში. ახლა, როგორც არასდროს, ქვეყანას სჭირდება ერთიანი და მონოლითური „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა კირთაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად ბოლო წლებში რეიტინგის დაკარგვისა, მმართველი ძალის ერთადერთ ოპონენტად რჩება, რომელიც დაფინანსების ოდენობით, რეგიონების მოცვითა და პარტიული აქტივით მეორე პარტიაა საქართველოში „ქართული ოცნების“ შემდეგ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ მომავალი წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი არ დაიწევს, პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ აქვთ.
არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პარტიული ლიდერების ნაწილი მელიას ღიად დაუპირისპირდა. შემდგომში ბრძოლა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრე ბანაკსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში ლევან ხაბეიშვილი უდგას, კიდევ უფრო გამწვავდა.
ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობდა, რომ ძირითადი ბრძოლა ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის წარიმართებოდა და თუ ადრე ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ წაგების შემთხვევაშიც მზადაა პარტიაში დარჩეს, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას, დაემორჩილება თუ არა ხაბეიშვილს, არჩევნების შემდეგ მიიღებს.
გასულ კვირაში მელიამ საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომელსაც ის შიდაპარტიული არჩევნების დამთავრების შემდეგ აპირებდა. კერძოდ, გენერალური მდივნის პოსტზე იგი გიორგი კირთაძის დანიშვნას გეგმავდა. აღნიშნული თანამდებობა ამჟამად პეტრე ცისკარიშვილს უკავია.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ამავდროულად, ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის ბრძოლა უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
ყველა ახალი ამბავი
0