საქართველოში 2023 წელს ახალი ელექტროსადგურები ამუშავდება

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsქვესადგური ერევანში
ქვესადგური ერევანში - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2023
გამოწერა
ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, ხელისუფლება მუშაობს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაზე
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. 2023 წელს საქართველოში 105 მეგავატი საერთო სიმძლავრის ელექტროსადგურები ამოქმედდება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია შავი ზღვისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპის მიმართულებით ელექტროკაბელის გაყვანის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ფონზე.
„2023 წელს ექსპლუატაციაში შევა 105 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურები, რაც ბოლო წლებში ამოქმედებული სიმძლავრის ყველაზე დიდი მაჩვენებელია“, - ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკურ გუნდთან გამართული სამუშაო თათბირის შემდეგ გამოქვეყნდა.
აღნიშნული ელექტროსადგურების საშუალო წლიური გამომუშავება 473 მეგავატ საათი იქნება, ინვესტიციის საერთო მოცულობა კი, 140.7 მლნ დოლარს შეადგენს.
ამასთან, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 3,8%-ით მეტი იყო.
2022 წელს საქართველომ 14,2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. ეს 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,7%-ით მეტია.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 10,8 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 3,4 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 87,49 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე ხდება. საანგარიშო პერიოდში იმპორტმა 971,02 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
ამავე პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტმა მილიონი კვტ/სთ შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0