რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ადვოკატების ქცევა არალოგიკურია

© Ministry of Justice of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2023
გამოწერა
მე პირადად შევთავაზე ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რაზეც მათ უარი თქვეს, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების ქცევა მძიმე ლითონებით მოწამვლის შესახებ საქმის გამოძიების საკითხში არალოგიკურია, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
უფრო ადრე ცენტრ „ემპათიის“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედმა“ ჩაატარა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა გერმანიაში, რომელმაც სააკაშვილის სისხლში მცირე რაოდენობით ოთხი ლითონის არსებობა აჩვენა – ვერცხლისწყლის, დარიშხანის, თალიუმისა და ტყვიის. ჯიშკარიანის თქმით, ორგანიზმში სხვადასხვა ლითონის არსებობა შეიძლება გარკვეული ნაერთებით მოწამვლაზე მიუთითებდეს.
„მე პირადად შევთავაზე, რომ ჩატარებულიყო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც მათ განაცხადეს უარი. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ და ამ ფარგლებშიც მას უნდა ჩატარებოდა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა ამაზე მან თავად განაცხადა უარი; ნიმუშებს არ აბარებს და ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის მოწამლული და მისი დაცვის მხარე ამას ამტკიცებს, სრულიად გაუგებარია და, პირდაპირ ვიტყვი, ალოგიკურია, როდესაც ჩვენ ვიღებთ წინააღმდეგობას ნიმუშების ჩაბარებაზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ამავე დროს, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა კოკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ საგამოძიებო სამსახური, მართალია, იძიებს საქმეს ექს-პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის შესახებ, მაგრამ არანაირი შესაძლებლობა არა აქვს არც ნიმუშის აღების, არც სააკაშვილის გამოკითხვის.
„ჩვენ მათ შევთავაზეთ ნიმუშების აღება, რაზედაც ისინი არ დაგვთანხმდნენ. თავდაპირველად მათი პოზიცია იყო, რომ დათანხმდებოდნენ, თუ ეს ექსპერტიზა ჩატარდებოდა ფრჩხილისა და თმის ნიმუშის საფუძველზე. გავიარეთ შესაბამისი კონსულტაციები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან, დავრწმუნდით, რომ ასეთი ექსპერტიზა ფრჩხილსა და თმაზე ტარდება. შევთავაზეთ ნიმუშების აღება, მაგრამ კვლავ უარი მივიღეთ“, – განაცხადა კაციტაძემ.
იუსტიციის სამინისტრო: ექსპერტიზის ბიურომ სააკაშვილის დიაგნოზების უტყუარობა არ დაადასტურა>>
მან იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილი და მისი ადვოკატები გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.
„თავად ბატონ სააკაშვილსაც შევთავაზეთ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება და მისი ადვოკატისგან მოვისმინეთ პასუხი, რომ მათ სურთ ჯერ ფსიქიატრებთან და ფსიქოლოგებთან კონსულტაციის გავლა“, – განაცხადა კაციტაძემ.
მანამდე სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთმელიძემ მსჯავრდებულ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ საუბარს აბსურდი უწოდა. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის გამოკვლევის შედეგებზე ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო დასკვნაში ნახსენები ნივთიერებები დასაშვებ ნორმებზეც კი დაბალია.
ამავე დროს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ არ დაადასტურა მსჯავრდებული სააკაშვილის დიაგნოზების უტყუარობა, რომლებიც ცენტრმა „ემპათიამ“ წარმოადგინა.
მოწამლეს თუ არა სააკაშვილი: სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს>>
თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე თვეზე მეტია განიხილება სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების საკითხი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში ვიდეოკავშირის მეშვეობით მხოლოდ ერთხელ მიიღო მონაწილეობა, რადგან ექიმები მას არ აძლევენ სასამართლოში ტრანსპორტირების რეკომენდაციას. ის 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
ექს-პრეზიდენტის ოჯახი და ადვოკატები უკვე რამდენიმე თვეა აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა. მას შემდეგ, რაც სასამართლო სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვას შეუდგა, ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ აუცილებელია საკითხის სწრაფად გადაჭრა, მაგრამ ათობით მოწმის დაკითხვას ბევრი დრო მიაქვს.
სააკაშვილის ადვოკატები სასამართლოში ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ის მძიმედ არის ავად და მისი მკურნალობა არსებულ ვითარებაში უშედეგოა, ამიტომ საჭიროა მას მიეცეს შესაძლებლობა, წავიდეს საზღვარგარეთ ერთ-ერთ ისეთ კლინიკაში, რომელიც ამგვარი პაციენტების მკურნალობაზეა სპეციალიზებული.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: ექიმის განმარტება>>
ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს აყენებს ზიანს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს. როგორც მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0