საქართველოსთვის შუა დერეფანს ალტერნატივა არ აქვს - ექსპერტის მოსაზრება

© photo: Sputnik / Stringerსატვირთო ავტომობილები სადგომზე
სატვირთო ავტომობილები სადგომზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2023
გამოწერა
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, განაცხადა ექსპერტმა.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. შუა დერეფანი საქართველოსთვის უალტერნატივოა, რადგან სრულიად სხვა რეალობას შექმნის როგორც ქვეყნისთვის, ისე მისი მეზობლებისთვის, განაცხადა ანალიტიკური ცენტრი Geocase-ის თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა.
ევრაზიის შუა დერეფანი კიდევ უფრო აქტუალური გახდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ. ევროპის ქვეყნებს გაუჩნდათ ალტერნატიული გზების აუცილებლობა არა მხოლოდ ენერგორესურსების, არამედ სხვა ტვირთების მიწოდების კუთხით. შუა დერეფანს ამ ყველაფრის უზრუნველყოფა შეუძლია. შუა დერეფანი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვის აკვატორიაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე და შემდეგ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს პროექტი დაწინაურდა და დღეს, პრაქტიკულად, თუ არა ერთადერთ, ერთ-ერთ მოწინავე პროექტად განიხილება. რა თქმა უნდა, ეს პროექტი არც სხვა ქვეყნებისთვის არის რიგითი პროექტი, მაგრამ ჩვენთვის ის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა“, – განაცხადა ყიფიანმა „პირველი არხის“ ეთერში.

ყიფიანის თქმით, თუ სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით ცენტრალურ აზიას, სხვა ალტერნატივებიც აქვთ, საქართველოსთვის ეს დერეფანი უალტერნატივოა.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ამჯერად საქართველო ხდება არა მხოლოდ ტრანზიტული ქვეყანა, რაც იქნებოდა იმავე ფუნქციის გამეორება, რომლის ფუნდამენტიც 1990-იან და 2000-იან წლებში ჩაიყარა, არამედ შავი ზღვის კაბელის პროექტის, ანაკლიის პორტის საკითხის შემოტანით ქვეყანას საშუალება ეძლევა, ამ სურათში მეორე ფუნქცია შემოიტანოს და გახდეს მწარმოებელი ქვეყანა.
„მნიშვნელოვანია ტრანზიტი და წარმოება, ჩვენი როლის და ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის პროეცირება. ამასთან, თანამედროვე ეკონომიკა განუყოფელია უსაფრთხოების გაგებისგან და ეს საშუალებები ჩვენთვის გაცილებით უფრო გაათმაგებული და გაასმაგებული იქნება“, – განაცხადა ყიფიანმა.
ვახტანგ ჭარაია: შუა დერეფანი მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის>>
მან აღნიშნა, რომ დღეს საქართველო სწორ გზაზეა და, იღბლის გარდა, საჭიროა გაძლიერება შიგნიდან, რათა ვიფიქროთ არა მხოლოდ ტრანზიტზე ამ ეკოსისტემაში დიდი შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონში, არამედ საწარმოო ბაზის მეტად გაფართოებაზე.
„ჩვენ დღეს სწორედ ეს კოზირი გვეძლევა ხელში და ამ კოზირს გვაძლევს, მათ შორის, ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფია“, – აღნიშნა ექსპერტმა.
ყიფიანმა ასევე დაამატა, რომ ადრე თუ გვიან რუსულ–უკრაინული კრიზისი დამთავრდება და, დიდი ალბათობით, ჩრდილოეთის მარშრუტი აღდგება, მაგრამ დღეს ძალზე რთულია პროგნოზირება, თუ როდის მოხდება ეს, რა მასშტაბით და რა მოცულობით, თუმცა შუა დერეფნის კონკურენცია ყოველთვის დარჩება და ამ დერეფანს ყოველთვის, ყველა ეტაპზე მოუწევს თავისი ქმედუნარიანობის დამტკიცება.
საქართველოს გავლით დერეფნის აქტუალობა გაიზარდა - რა განიხილეს დავოსში>>
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0