დეკემბერში ქართული საბანკო სექტორის აქტივები გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerასდოლარიანები და ასლარიანები
ასდოლარიანები და ასლარიანები - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2023
გამოწერა
დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოში მუშაობდა 14 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. 2022 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 2,9 მლრდ ლარით, ანუ 4,3%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
2022 წლის დეკემბრის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საბანკო სექტორის აქტივების ჯამურმა მოცულობამ 70,3 მლრდ ლარი, საწესდებო კაპიტალმა კი 9,2 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოში დეკემბრის ბოლოსთვის მუშაობდა 14 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ვადიანი დეპოზიტების მოცულობა ბანკებში გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 44,31 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1,69 მლრდ ლარით, ანუ 3,96%-ით მეტია დეკემბრის დასაწყისის მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 133,96 მლნ ლარით, ანუ 0,83%-ით გაიზარდა, დეპოზიტები მოთხოვნამდე გაიზარდა 1,55 მლნ ლარით, ანუ 5,88%-ით.
საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროსტანდარტით გადაიხედა: რა შეიცვალა>>
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 43,9% შეადგინა, რაც 0,62 პროცენტული პუნქტით მეტია 1 დეკემბრის მაჩვენებელზე.
დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,71% შეადგინა, მათ შორის 12,06% – ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 1,21% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
ბანკებმა ეროვნულ ვალუტაში მეტი კრედიტი გასცეს
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 1,16 მლრდ ლარით, ანუ 2,66%-ით გაიზარდა და, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 44,8 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 596,47 მლნ ლარით, ანუ 2,48%-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი გაიზარდა 564,43 მლნ ლარით, ანუ 2,88%-ით.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია>>
2022 წლის დეკემბრის ბოლოს არსებული მონაცემებით, კომერციულ ბანკებს ჯამში რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემული აქვთ სესხები ეროვნულ ვალუტაში 7,6 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 4,12%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა 12,6 მლრდ ლარი, რაც 3,43%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით.
2022 წლის დეკემბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,57%-ით, ანუ 365,62 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 23,66 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 55,03% შეადგინა, რაც 0,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2022 წლის 1 დეკემბრის მაჩვენებელზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0