გაირკვა ვინაობა - ვინ ატყუებდა აბიტურიენტებს და უმაღლესში უგამოცდოდ ჩაბარებას ჰპირდებოდა

© photo: Sputnik / Stringerტექნიკური უნივერსიტეტი
ტექნიკური უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
გამოწერა
ბრალდებული აბიტურიენტებს, სავარაუდოდ, ორი წლის განმავლობაში ატყუებდა.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. პოლიციამ 48 წლის ლია ვაჩაძე დააკავა, რომელიც თავს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანად ასაღებდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აბიტურიენტებს არწმუნებდა, თითქოს შეეძლო აღნიშნულ უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე, აგრეთვე სტუდენტებისთვის ბინების მიქირავება სიმბოლურ ფასად. საქართველოს პროკურატურამ ვაჩაძეს გუშინ ბრალი წაუყენა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოძიების პერიოდში მას პატიმრობა შეუფარდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, პროკურატურა საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც დაზარალებულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს პირი ტექნიკურ უნივერსიტეტში არ მუშაობდა. ამასთან, დაზარალებულების განცხადებით, მეტი დამაჯერებლობისთვის ვაჩაძე აბიტურიენტებისთვის ონლაინ-გაკვეთილებს ატარებდა.
სავარაუდო თაღლითობის ფაქტები 2019–2022 წლებში ხდებოდა. ვაჩაძეს ჩვენება ჯერ არ მიუცია, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვა შეუძლებელია, რადგან ის შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, აღნიშნულ უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე 3-5 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ შეეძლო.
თაღლითობა სახელმწიფოს სახელით - პროკურატურამ სამ ადამიანს ბრალდება წაუყენა>>
გარდა ამისა, აღნიშნული პირი, სარგებლობდა რა დაზარალებულების ნდობით, ატყუებდა მათ, თითქოს არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში მას სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად, დაახლოებით 7-11 ათასი ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო.
ბრალდებული აღნიშნული სქემის გამოყენებით 10 დაზარალებულის თანხას, ჯამში 119.030 ლარს მოტყუებით დაეუფლა.
მას ბრალდება სსკ-ის 180-ე, თაღლითობის მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით წაუყენეს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება გრძელდება. არაა გამორიცხული, რომ დაზარალებულების წრე გაფართოვდეს. პროკურატურა ამგვარად დაზარალებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცველ ორგანოებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0