თაღლითობა სახელმწიფოს სახელით - პროკურატურამ სამ ადამიანს ბრალდება წაუყენა

© Pexels / PhotoMIX Companyბინის გასაღები
ბინის გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2023
გამოწერა
ბრალდებულები 41 მოქალაქის კუთვნილ 1.054.150 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თითქოსდა სახელმწიფო, სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით და ევროპული ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით, უსახლკარო და დევნილის სტატუსის, შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე, ასევე, სოციალურად დაუცველი პირების და ემიგრანტების მოძიებას ახდენდა, რათა მათთვის ბინები თბილისში და ბათუმში მდებარე შპს „ორბი ჯგუფის“ საცხოვრებელ კომპლექსში, ასევე, დაბა ბაკურიანში და კურორტ საირმეში სიმბოლურ ფასად გადაეცა.
ასევე, თითქოს სახელმწიფოს მხრიდან მოცემულ პროექტს ხელმძღვანელობდა და მისი წარმომადგენელი იყო ერთ-ერთი ბრალდებული, ხოლო დანაშაულში მონაწილე ორი პირი როგორც ე.წ. კოორდინატორები, შესაბამისი პირების მოძიებას და მათ პროექტში ჩართვას ახდენდნენ.
ბრალდებულები სხვადასხვა ოდენობის თანხის გადახდის სანაცვლოდ, მოქალაქეებს აჩვენებდნენ წინასწარ ნაქირავებ ბინებს, როგორც მათთვის სახელმწიფოს მიერ გადასაცემ ქონებას და არწმუნებდნენ, რომ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მათ სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია მოგვიანებით მოხდებოდა.
„აღნიშნული სქემით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 41 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 1.054.150 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება) წარედგინათ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.
საქართველოს პროკურატურა მიმართავს მოქალაქეებს, მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0